პარიზში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა

პარიზში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა

პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის სხდომა გაიმართა. 
სხდომას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა და მასში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე - დელონე. ფრანგული მხარიდან სხდომას ესწრებოდნენ ამხანაგობა ”ქართული კერას“ წარმომადგენლები, კომისიის წევრები: ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, ასევე ლევილის მამულის მემკვიდრეები და ლევილის ყოფილი მერი დანიელ ესპრენი. 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესის სამართლებრივი ხასიათის დეტალები. 

”კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მამულის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა განხორციელდება მემკვიდრეთა ოჯახების მიერ ლევილის მამულის სამომავლო ფუნქციონირების მიზნით შემუშავებული პროექტის დადასტურების შემდეგ”, - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.