თბილისის მერიაში არქეოლოგიურ პროექტებზე იმსჯელეს

თბილისის მერიაში არქეოლოგიურ პროექტებზე იმსჯელეს

თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 13 მარტს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად დრო პირველ აპრილამდე მიეცათ. კონკურსის შედეგად დედაქალაქის მერიაში „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის პროექტები შევიდა.

პროექტის ავტორებმა საბჭოს წევრებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საბჭოს წევრებმა პროექტებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცეს. აღნიშნულ მონაკვეთებზე არქეოლოგიური კვლევა აპრილის ბოლოდან დაიწყება. სამუშაოებში ჩაერთვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.

დედაქალაქში, არქეოლოგიური სამუშაოები, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2015 წლიდან განახლდა. კვლევების გასაახლებლად, თბილისის არქეოლოგიური საბჭო დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.