კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი - მოსამართლემ რელევანტური გადაწყვეტილება მიიღო

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი - მოსამართლემ რელევანტური გადაწყვეტილება მიიღო

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორის მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, მოსამართლემ მიიღო რელევანტური გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებულების მხრიდან შესაძლოა საფრთხე შექმნოდა გამოძიების მიმდინარეობას. 

"ბრალდების მხარის პოზიცია ეყრდნობა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ერთადერთი და კანონიერი, სასამართლომ გაიზიარა, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ყველა ფაქტობრივი გარემოება სახეზეა. სასამართლომ განმარტა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რელევანტურია და არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ახალი დანაშაულის საფრთხეც. რაც აკმაყოფილებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტს. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია", - განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.
მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

პატიმრობა შეეფარდათ: შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.