კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. სხდომის დახურვის მოთხოვნის შუამდგომლობით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

პროკურორებმა განმარტეს, რომ საქმე შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას და შესაძლებელი იყო მომხდარიყო კონკრეტული პირების იდენტიფიცირება.

მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და სასამართლო სხდომა დაიხურა.

პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;

შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.