ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის მაღალჩინოსნების ადვოკატები ითხოვენ, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოთ.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყების წინ ერთ-ერთი დაკავებულის ვასილ ლელუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
"დღეს საუბარი იქნება იმაზე, რამდენად შეუშლის იგი ხელს გამოძიებას თუ თავისუფლებაზე იქნება, ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ ამით გამოძიებას ხელი არ შეეშლება და იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რადგან ყველა ლელუაშვილზე საუბრობს, მას ჰქონდა თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რაიმე უკანონო ბრძანება გაიცემოდა, მისი ბრძანებით ხდებოდა. მას უკანონო ბრძანება არ გაუცია. პატიმრობას არ ვეთანხმებით, ალტერნატივის სახით გირაოს შევთავაზებთ", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;
შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.