ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა დღეს,15:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.
Presage.tv-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკა ხვედელიძე ყრილობის დაწყებამდე პატრიარქს სტუმრობდნენ. პატრიარქმა ბიზნესმენს და მის მეუღლეს პარტიის დაფუძნებაზე კურთხევა მისცა. აღნიშნული ინფორმაცია Presage.tv-ს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა, თუმცა ივანიშვილის პრეს-სამსახურში ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.
რაც შეეხება ყრილობის დეტალებს, დღეს დამტკიცდება წესდება და მიღებული იქნება დეკლარაცია. აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, რომელსაც კოალიციაში ამ დრომდე არ ახმაურებენ. თუმცა, ზოგიერთი მედიის ცნობით, პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე იქნება არჩეული. დღესვე აირჩევა პარტიის პოლიტიკური საბჭო, სარევიზიო კომისია და განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც პარტიის დაფუძნებასთან არის დაკავშირებული.
ამის შემდეგ კი ისღა რჩება, რომ პარტიის დამფუძნებლებმა პარტიის რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს მიმართონ.
ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობას მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მედიასაშუალება გააშუქებს. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისა და ფოტოკორესპონდენტებისთვის 150 აკრედიტაცია დამზადდა.
„დიდია დაინტერესება უცხოური მედიის მხრიდანაც. ყრილობას მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მედიასაშუალება გააშუქებს, მათ შორის: Reuters, BBC, Associated press, ОРТ, НТВ, МИР, Bloomberg, Frans-Press-ი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა.