არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, საუბარი გრძელდება

არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, საუბარი გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები საკანონმდებლო ინიციატივები იყო, რომელთა ნაწილი მთავრობიდან პარლამენტში უკვე შესულია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.

„ამ ნაწილში საჭიროა კოორდინაცია. იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იმ კუთხით, რომ საარჩევნო რეჟიმებზე გადაწყვეტილებებს იღებენ პარტიები, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ პროცესში საჭირო იქნება და სწორედ ამაზე იყო საუბარი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებული განკარგულების ხელმოწერის იურიდიულ და ტექნიკურ დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, ამის თაობაზე საუბარი გრძელდება.