სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე არის უდიდესი ტრაგედიისა და უდიდესი დღესასწაულის დღე.
"იმ ტრაგედიამ, რაც 27 წლის წინ დატრიალდა, აქ შვა ის დღესასწაული, რაც 25 წლის წინ მოხდა ისევ ზუსტად აქ. საქართველო გათავისუფლდა, საქართველო თავისუფალია. ამ ახალგაზრდებისთვის გათავისუფლდა საქართველო და საქართველო საიმედო ხელშია, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, უამრავ ახალგაზრდას, რომელიც საქართველოს სადარაჯაოზეა საქართველოშიც და სხვაგანაც. საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს, საქართველო იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი და ის სისხლი, რაც აქ დაიღვარა, ეს იქნება ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის გამარჯვებების. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. 25 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და მრავალი 25 წელი გვეზეიმოს ერთად გამარჯვებულ, წინწასულ ქვეყანაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.