ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წლის თავზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილს, რუსული ინტერვენციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. „9 აპრილი არის ჩვენი ერის მძიმე და მოუშუშებელი ტკივილი, რომელიც ყოველ გაზაფხულს ხელახლა იბადება, ამავე დროს არის გამოფხიზლების და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, როცა მთელი ერი ერთ მუშტად შეკრული იდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე. დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილის გმირებს, წმინდა გიორგის ხატის მატარებლებს, ქვეყნის თავისუფლებით გულანთებულებს,“-აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. დღესვე ლიხაურის კულტურის სახლში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.