როდესაც საქმე არსებით განხილვაზეა, სავალდებულო არ არის აღკვეთის ღონისძიების ე.წ. დადასტურება, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსის გიორგი დგებუძის, მეტსახელად „მასტერას“ ადვოკატების ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ისინი პროკურატურის მხრიდან საპროცესო ნორმების დარვევაზე საუბრობდნენ,კერძოდ, საუბარია გიორგი დგებუაძის საქართველოში ჩამოყვანიდან 48 საათში აღკვეთის ღონისძიების განუხილველობაზე.
როგორც პროკურორმა განმარტა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების დადასტურების თაობაზე მსჯელობა, გამოძიების ეტაპზე ძებნილი ბრალდებულის დაკავებისას.
„მას შემდეგ რაც საქმე სასამართლოში წარიმართება და დაიწყება არსებითი განხილვა, ამ ეტაპზე ბრალდებულის დაკავების შემთხვევაში სასამართლო პირველივე სხდომაზე, რომელიც დღეს არის ჩანიშნული, იმსჯელებს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. ანუ თუ საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვაა დაწყებული, არ არის სავალდებულო 48 საათში აღკვეთის ღონისძიების ე.წ. დადასტურება", - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ყოველ 2 თვეში ერთხელ მსჯელობს და აღნიშნული ორთვიანი ვადა სწორედ დღეს იწურება. პროკურორის განმარტებით, გიორგი დგებუაძის ექტრადირებისთანავე სასამართლოს ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა.