რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებს ტელეფონით ესაუბრა. სომხური მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების გამო, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ვლადიმერ პუტინმა ორივე მხარეს მოუწოდა სასწრაფოდ უზრუნველყონ დაპირისპირების სრული შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა. საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთი გადადგამს და განახორციელებს აუცილებელ საშუამავლო ნაბიჯებს ვითარების ნორმალიზების უზრუნველყობის მიზნით“, - წერია კრემლის განცხადებაში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სომხეთის პრემიერს, ჰოვიკ აბრაამიანს ესაუბრა.
რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, მედვედევმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების მიზნით, პოლიტიკური პროცესების განახლების მნიშვნელობას.