მთიანი ყარაბაღი ბაქოსთან მოლაპარაკებისთვის გარკვეულ ულტიმატუმს აყენებს

მთიანი ყარაბაღი ბაქოსთან მოლაპარაკებისთვის გარკვეულ ულტიმატუმს აყენებს

მთიანი ყარაბაღი მზად არის ოფიციალურ ბაქოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ წარმომადგენელმა მოსკოვში ალბერტ ანდრიანმა განაცხადა. 

„ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად გასაგები და გამჭვირვალეა: აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისთვის ნებისმიერი საკითხის განსახილველად და ყველა სახის დათმობებზე და კომპრომისზე წასასვლელად“, - განაცხადა ანდრიანმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება. 

„სამხედრო მოქმედებები მხოლოდ აორმაგებს ორივე მხარეს დაღუპულების რიცხვს და მოსახლეობის ტანჯვას. მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და არ დატოვებს საკუთარ მიწას, თუმცა, ჩვენ გამუდმებით ბრძოლა არ გვინდა“, - განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. წარმომადგენელმა რუსეთში.