იან კელი ელოდება, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტის შესახებ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება

იან კელი ელოდება, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტის შესახებ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ელოდება, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტის შესახებ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება. 

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს სკანდალური დოკუმენტის კომენტირებისას განუცხადა, აშშ მომხრეა გამჭვირვალე მთავრობის.

”მასალა შეიცავს 11,5 მილიონ ცალკეულ დოკუმენტს. ჩემთვის რთული იქნება ამ ეტაპზე რაიმე კომენტარის გაკეთება. აშშ-ის პოზიცია არის ცალსახა - ჩვენ მომხრე ვართ გამჭვირვალე მთავრობის, მე ვგულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ჩვენი ოფიციალური პირების მიმართ მოქმედებს საკმაოდ მკაცრი წესები ფინანსურ დოკუმენტაციასთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, პოლიტიკური შედეგები სახეზეა - ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა. მომდევნო დღეებში და პერიოდში მე ველოდები, რომ საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდება ეს გამოძიება”, - განაცხადა იან კელიმ. 

მსოფლიოს უმსხვილესი მედია გამოცემებისთვის ხელმისწავდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის. 
ჟურნალისტური გამოძიება, სახელწოდებით Panama Papers-ს პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარდა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. 

დოკუმენტები შეიცავს 150 პოლიტიკოსის, მათ შორის 72 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის საქმეს. კერძოდ, დოკუმენტები შეიცავს მონაცემებს საიდუმლო ოფშორულ კომპანიებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის, ასევე დიქტატორების, ცნობილი პირების, სპორტსმენებისა და ბიზნესმენების საიდუმლო ოფშორულ საქმიანობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ჰოსნი მუბარაქის, ილჰამ ალიევის, ბაშარ ალ-ასადის, მოამარ კადაფის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ სიგმუნდურ გუნლეიგსონის, ფიფა-ს ჩინოვნიკებისა და არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესის.

როგორც ჩატარებული გამოძიებიდან ირკვევა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს 2012-2013 წლებში, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა და შემცვლელს დაასახელებდა, ოფიციალური ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარედგინა. ივანიშვილის 72-გვერდიანი დეკლარაცია ათობით უძრავ ქონებას, აქციებს, საბანკო ანგარიშებსა და ბიზნესებს მოიცავს. თუმცა, მისი იმპერიის ერთ-ერთი კომპანია Lynden Management Ltd. დეკლარაციაში მოხსენებული არ არის.