პაატა შეშელიძე:

პაატა შეშელიძე: "თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო დიდი კრახით დამთავრდება"

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ პაატა შეშელიძესთან.

- ბატონო პაატა, პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლის ბოლომდე საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე სახელმწიფოსგან დაზღვევას მიიღებს. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას, თქვენი აზრით, რამდენად ჯდება ის ხელისუფლების ეკონომიკურ კურსში, რომელიც ლიბერალიზმისკენაა მიმართული?
- 2008 წლიდან ეკონომიკური დერეგულირების იდეა `დიდი სახელმწიფოს- იდეამ ჩაანაცვლა. სახელმწიფო `მთავარ ინვესტორად~ და `სამუშაო ადგილების- გენერატორად იქცა. ხალხის კეთილდღეობის სახელით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება სხვადასხვა ინდუსტრიების, განსაკუთრებით საბანკო, სადაზღვევო და სამშენებლო სექტორების სასარგებლოდ. 

სადაზღვევო კომპანიებისთვის პრივილეგიების მინიჭების პოლიტიკა, რეგიონებში გარკვეულ სადაზღვევო კამპანიისთვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნით დაგვირგვინდა. 
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვეულთა რიცხვის გაფართოება სინამდვილეში სადაზღვევო ინდუსტრიის პირდაპირი საბიუჯეტო სუბსიდირების გაფართოებაა. შედეგად, ერთი მხრივ, გაიზრდება დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზრდება სადაზღვევო სისტემის დანახარჯები გაზრდილი ხელოვნური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამისთვის სუბსიდია საკმარისი არ აღმოჩნდება და კომპანიები დანაკარგების ანაზღაურებას მომსახურების გაძვირებით ან ხარისხის გაუარესებით შეეცდებიან. საბოლოო ჯამში, მომსახურება ზოგადად გახდება ნაკლებ ხარისხიანი და უფრო ძვირი, ვიდრე პროექტის დასაწყისში, რომ არაფერი ვთქვათ სექტორში კორუფციის, ფინანსური რეგულირებისა და კონტროლის გაზრდაზე.

- საქართველო `დუინგ ბიზნესის~ რეიტინგში ბოლო წლებია წამყვან პოზიციებს იკავებს. რეიტინგის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ბიზნესის დაწყების სიმარტივით მსოფლიო მასშტაბით ერთ–ერთი ლიდერია, ამის პარალელურად კი საქართველოში მოქმედი არცერთი ბანკი ბიზნესის დასაწყებ, ე.წ. სტარტაპს, კრედიტებს არ გასცემენ. თქვენი აზრით, რაშია საქმე, რატომ არ ენდობიან ბანკები საერთაშორისო რეიტინგებს?
- ჯანსაღი, ინოვაციური პროექტების დაფინანსება ბანკის შემოსავლის წყაროა და უმიზეზოდ მათზე უარს არავინ იტყვის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ბანკები სესხს გასცემენ ე.წ. გარანტიით და არა აქვს მნიშვნელობა ეს არის დამწყები თუ გამოცდილი საწარმო. ამასთან, ქართული საკრედიტო ბაზარი არ შემოიფარგლება მხოლოდ ბანკებით: აქ მრავალი სხვადასხვა სტატუსის კომპანია მუშაობს, მათ შორის მიკროსაფინანსო კომპანიები და ლომბარდები, რომ არაფერი ვთქვათ ინდივიდუალურ მევახშეებზე და სხვადასხვა კომპანიების მიერ ორგანიზებულ ე.წ. განვადებებზე. 
მეტიც, უშუალოდ ბანკები და მიკროსაფინანსო კომპანიები აქტიურად გასცემენ სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს. რეგულირებების გამარტივებით ბევრად მეტ ადამიანს გაუჩნდა წარმოებაში ბედის ცდის საშუალება და საბანკო კრედიტებიც მრავალფეროვანია. მეტიც, ჩემი აზრით, ბანკები ხშირად სრულიად დაუსაბუთებელ, იოლად ასაღებ სესხებსაც გასცემენ. პირველ საკრედიტო ბუმი 2008-ში უკვე დიდი ჩავარდნით დამთავრდა და ახლა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო დიდი კრახით დამთავრდება.

საბანკო სისტემის პრობლემა არის არა ის, რომ ის არ გასცემს სესხს - ეს უბრალოდ არასწორია, არამედ ის, რომ ის არ უწყობს ხელს დაგროვებას და მომჭირნეობას. საბანკო სექტორი მფლანგველობითი ფილოსოფიის ავანგარდშია: ერთ-ერთი ბანკის რეკლამა, მაგალითად, სტუდენტებს სწავლის პარალელური შრომითი პრაქტიკის ნაცვლად სტუდენტური სესხების აღებას მოუწოდებდა. არადა, რისი გარანტიით უნდა აიღოს სტუდენტმა საბანკო კრედიტი სწავლის დასაფინანსებლად? იქნებ, სწორედ ისაა წასახალისებელი, რომ სტუდენტმა პარალელურად იშრომოს, შემოსავლები ჰქონდეს და გარკვეული დანაზოგიც გააკეთოს? 

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ბანკებს ყოველთვის მიუწვდებათ ხელი ეროვნული ბანკის `უსასრულო~ რეზერვებზე, მათ ნაკლებად აინტერესებთ მომჭირნეობის წახალისება. 
საბანკო სისტემა, განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკა, ქართული ეკონომიკის აქილევსის ქუსლია და მისი ძირეული რეორგანიზაცია - ნომერ პირველი ეკონომიური ამოცანა.

2011 წელს საბანკო სექტორმა ტურიზმის სფერო 54 მილიონი ლარით დააკრედიტა, რაც საერთო სესხების მხოლოდ 0,7%–ს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. თქვენი აზრით, რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი ამ სფეროთი და რამდენად აქვს ქვეყანაში რომელიმე მიმართულებას განვითარების შანსი, თუ მისით კერძო სექტორი არ დაინტერესდა და იგი მხოლოდ სახელმწიფო ინვესტიციებზე იქნება დამოკიდებული?
- იქ, სადაც სახელმწიფო `ხარჯავს-, როგორც წესი, კერძო სექტორი ნაკლებად აქტიურობს როგორც ინვესტორი და უფრო სახელმწიფო `ინვესტიციების- დახარჯვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ზოგადად, პრიორიტეტების სახელმწიფოს მიერ განსაზღვრა მანკიერი პრაქტიკაა. ეს მომხმარებლის საქმე და მისი გემოვნების საკითხია. შედეგად შენდება არა ის, რაც საჭიროა, არამედ ის, რაც შესაძლებელია. იქმნება არა ღირებულება, არამედ ღირებულების `გასაფლანგი ადგილები~.

რამდენად ემხრობით მთავრობის მიერ ვაუჩერების დარიგებას. თქვენი შეფასებით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოყვება ამ პროცესს და რამდენად შეუძლია ასეთი სახით ერთჯერადმა დახმარებებმა რეალური სარგებელი მოუტანოს მოსახლეობის გარკვეულ ფენას მაინც?
- ვაუჩერების დარიგების რეალური `ფასი- შესაბამისი თანხების გადასახადების სახით აკრეფს და შემდეგ, დარიგების დანახარჯების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. ეს კი საკმაოდ ძვირი ღონისძიებაა გადასახადების გადამხდელებისთვის. 

იმ პრობლემების მოსაგვარებლად კი, რისთვისაც ვაუჩერები რიგდება, გადასახადების შემცირება და რეგულირებების გაუქმება იქნება სწორი: მაგალითად საწვავზე აქციზის, პირადი საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ს შემცირება უფრო ჯობია, ვიდრე `ცივი" ზამთრის მომიზეზებით, ხალხზე ზრუნვის საბაბით, სამომხმარებლო ვაუჩერის სახით საბიუჯეტო სუბსიდიის გ აცემა მონოპოლისტების `რაო-თელასისა- და `ენერგო-პროსთვის".

- EBRD –ის პროგნოზის მიხედვით ევროზონის კრიზისი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მწვავედ საქართველოზე აისახება. მოდით, მკითხველს ავუხსნათ, რამ გამოიწვია ევროპაში კრიზისი და, თქვენი შეფასებით, რამდენად აისახება ის ქართულ ეკონომიკაზე?
- EBRD-ისა და ჩემი შეფასება შესაძლოა არსებითად განსხვავებული იყოს ევროპის კრიზისის მიზეზებზე, თუმცა თავად კრიზისის გავლენა საქართველოზე უდაოა. 
ევროპული კრიზისის არის ე.წ. `კეთილდღეობის სახელმწიფოს  ხარჯიანი ბუნებაა: ფულადი ემისიის ხარჯზე მზარდი დეფიციტის დაფინანსება, ყოვლისმწვდომი რეგულირებები, პროტექციონიზმი, იაფი კრედიტები და ა.შ. 

დღევანდელი ევროპა, ისევე როგორც ამერიკა, იაპონია და ბევრი ე.წ. განვითარებული ქვეყანა, მომავალი თაობის ხარჯზე ხელგაშლილად ცხოვრობს: ყველა ქვეყანას საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ტოლი და ან მეტი ვალი აქვს. კრიზისიდან ჯანსაღი გამოსავალი ჯერ-ჯერობით არ იძებნება, ისევ ფულის ბეჭდვა და ეკონომიკის ცენტრალიზება არის დაგეგმილი. შესაბამისად, კრიზისის გამწვავება მოსალოდნელია. შედეგად, საფრთხე ექმნება თავად ერთიანი ევროპის იდეას და ნაციონალისტური, სეპარატისტული ტენდენციების აღორძინებას ეკონომიკური თავისუფლების საზიანოდ. თუ ასე გაგრძელდა, ერთიანი ევროპის ნაცვლად, ჩვენ ვიხილავთ ერთმანეთთან და ნაციონალურ სახელმწიფოებთან დაპირისპირებული რეგიონების ევროპას. ანუ, ევროპა დაიშლება არა შემადგენელ ქვეყნებად, არამედ მათ შემადგენელ რეგიონებად.

საქართველო რეგიონში ევროპის ქვეყნებთან ყველაზე ინტენსიურად თანამშრომლობს და იქ თან ემიგრანტთა რაოდენობითაც გამოირჩევა, ამასთან სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერჯერობით ყველაზე მწვავედ შეეხეო კრიზისი - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ცხადია, როცა პარტნიორს პრობლემები აქვს, მასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენცია მცირდება. 

გარდა ამისა, განსაკუთრებით ცუდია ის, რომ ევროპა, თავის შეცდომებს აქეთ ახვევს საქართველოს, მისი ეკონომიკის ბიუროკრატიზაციის გაზრდას და შესაბამის გაძვირებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო ამძიმებს მის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს კრიზისით პროვოცირებულ გამოწვევებს, იყოს უფრო მეტად ღია და ნოვატორული, ვიდრე თავად ევროპაა.

- კახა ბენდუქიძის რეფორმები თავის დროზე ბევრმა ეკონომისტმა და ბიზნესმენმა მწვავედ გააკრიტიკეს, მისი ლიბერტარიანული მიდგომების გამო. თქვენ ერთ–ერთი ხართ მათ შორის, ვინც ამ იდეებს იზიარებდა. ეს იდეოლოგია ბაზრის სრულ თავისუფლებას და სახელმწიფოს როლის მინიმიზებას გულისხმობდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და მთავრობის ინიციატივებში რაიმე კონკრეტული იდეოლოგიის დანახვა ძნელია. ჩვენს გაზეთთან საუბრისას, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა, რომელიც ბენდუქიძის იდეებს არ იზიარებს, ისიც კი განაცხადა, რომ მას ბენდუქიძის დრო მოენატრა. თქვენი აზრით, რა იდეოლოგიის მატარებელია დღევანდელი ხელისუფლება და როგორ შეიძლება შეფასდეს ბოლო დროინდელი რეფორმები?
- ბოლო წლებში, მთავრობა გამოკვეთილად ფართოვდება და მისი წილი მშპ-ში 35-42%-ის ფარგლებში მერყეობს. 
კერძოდ, საქართველოში არის:
• საბიუჯეტო პარტიები, საბიუჯეტო ეკლესია, საბიუჯეტო ტვ-მედია, საბიუჯეტო სპორტი, საბიუჯეტო თეატრი, საბიუჯეტო კინო, საბიუჯეტო განათლება, თავისი ერთიანი ეროვნული გამოცდებით, საბიუჯეტო დაზღვევა, საბიუჯეტო პენსიები, საბიუჯეტო მშენებლობა, საბიუჯეტო მევენახეობა, საბიუჯეტო ტურიზმი, საბიუჯეტო და ა.შ. 
• ეროვნული ბანკი, თავისი ფარატინა, არაუზრუნველყოფილი ლარით და ზერეგულირებით.
• მაღალანაზღაურებადი მარეგულირებელი კომისიები, რომლებიც მომხმარებლებისა და მომწოდებლების გარიგების მაგივრად ადგენენ ფასებს და მომსახურების წესებს.
• კარტელიზებული ბანკები და ტელე-კომუნიკაცია.
• მონოპოლიები ენერგეტიკაში, ლატარიაში, კომუნალურ მომსახურებებში, დაზღვევასა და საქალაქო ტრანსპორტში.
• პროტექტირებული და ირიბად, ვაუჩერებით სუბსიდირებული მწარმოებლები და საეჭვო ტენდერები. 
• პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით გადანაწილებული ქონება და შემოსავლები.
• მზარდი და ნებელობითი ადმინისტრაცია.
• ევროკავშირისა და სხვა უცხოელი დონორების დაჟინებით თითქმის აღდგენილი ანტიმონოპოლიური რეგულირება, ბიუროკრატიისა და კორუფციისადმი კომპრომისული დათმობები საკვების ხარისხის კონტროლისა და შრომითი კანონმდებლობაში. 
• კანონიერად მიღებული შემოსავლების თავისუფალი გამოყენების შეზღუდვა, თუნდაც პოლიტიკური მოტივებით და ა.შ.
ყოველივე ამას არ შეიძლება ერქვას ეკონომიკური თავისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა... ეს უფრო კეინსიანური იდეების აღორძინებაა - დიდი კორპორაციებისა და ცალკეული მმართველი დაჯგუფებების შეხმატკბილებული მცდელობა, რაც შეიძლება მეტი მიღონ ბიუჯეტის ხარჯზე. როგორც ყველგან, ადრე თუ გვიან, ასეთი პოლიტიკა აქაც კრახით დამთავრდება, თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა მიდგომა. 

სწორედ `დიდი სახელმწიფოს", ანუ ინვესტორი და სამუშაო ადგილების შემქმნელი სახელმწიფოს პოლიტიკის ბრალია, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი დერეგულირების, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა შედარებით მოკრძალებულია და არც განსაკუთრებული საინვესტიციო ბუმი შეინიშნება. 

მომავალი არჩევნების ფონზე, როდესაც ყველა ერთმანეთს მეტის გადანაწილებაში ანდა ამის დაპირებაში ეჯიბრება, ეკონომიკის შემდგომი განსახელმწიფოების იმედი ნაკლებია, თუმცა ეს ერთადერთი შედეგიანი ნაბიჯი იქნებოდა.

არც იმის ნიშანი ჩანს, რომ მომავალ არჩევნებზე ვინმე სწორედ ამგვარი კრიტიკით და სათანადო პლატფორმით წარსდგება: ჯერჯერობით ყველა კიდევ უფრო `დიდ სახელმწიფოს" გვპირდება.