ირაკლი ალასანია დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

ირაკლი ალასანია დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის წევრები მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იყო საუბარი.

ალასანიას თქმით, საუბრის ძირითადი თემა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან ერთად, უსაფრთხოების საკითხებიც იყო.

"ევროკომისართან გვქონდა ძალიან დეტალური განხილვა, თუ რა ნაბიჯები გადადგა უკვე სახელმწიფომ და კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ წარმატებულად დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპი და ასევე საქართველომ გააგრძელოს ევროპაში ინტეგრაცია. ვისაუბრეთ ასევე წინასაარჩევნო გარემოზე", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ამაღლება.

"ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც დღეს ევროპა კონცენტრირებულია და საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობის გამომჟღავნება. მეორე მნიშვნელოვანი თემაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ამაღლება. ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ამ ორ თემას. ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ხელშეწყობილი უნდა იყოს, რათა ჩვენ მეტი რესურსი, მეტი შეიარაღება, მათ შორის სამართლებრივი, მივცეთ ჩვენს სამართალდამცველ სტრუქტურებს", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ რას სთავაზობს ევროპა ამ კუთხით საქართველოს.

"სპეციალური ცენტრებია, ტერორიზმის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, რომელშიც უნდა ჩავერთოთ და გავხდეთ, ასე ვთქვათ ნაწილი ამ ევროპული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის. მოკლედ რომ ვთქვა, მან გვითხრა – თუ გინდათ მეტი ევროპა საქართველოში და საქართველო ევროპაში, ყველა ამ ფრონტზე აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ევროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.