არ გამოვრიცხავდი, "რესპუბლიკელების" ცალკე გასვლა სწორედ "ნაციონალების" ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე იყოს მიმართული, - ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.
გამზარდია მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს აკეთებს და მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით მომავალ პარლამენტში შესაძლოა "ქართული ოცნება", "რესპუბლიკელები", "ნაციონალები", "ალასანია" და მცირე რაოდენობით "პატრიოტთა ალიანსი" მოხვდეს.
"რესპუბლიკელებს", ალასანიას, "ნაციონალებს", თუ ბურჭულაძე პარტიას შექმნის - მასაც და თუ "გირჩები" მოიფიქრებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათაც, ერთი სამიზნე ჯგუფი და ერთი ტიპის ამომრჩეველი ჰყავს. შესაბამისად, "ანტიქართულ ოცნებისტების" ხმებიც მათში გატყდება. თუ ისინი კოალიციას შექმნიან, კვოტირების ფაქტორის გათვალისწინებით, თითოეული მათგანის წილი მცირე იქნება, ალასანიას პარტიასაც, "რესპუბლიკელებსაც" მრავალი ლიდერი სუბიექტი ჰყავს, უფრო ნაკლები "ნაციონალებს", "გირჩებს" და ბურჭულაძის გუნდს. რამდენადაც გაიყოფა "ნაციონალების" ხმები, იმდენად "ქართული ოცნება" წაართმევს ხმებს "პატრიოტთა ალიანსს" და "მრეწველებს". არაა გამორიცხული, ეს პარტიები პარლამენტს მიღმაც აღმოჩნდეს ან ძალიან მცირე შემადგენლობით მოხვდეს მომავალ პარლამენტში. არ გამოვრიცხავდი, "რესპუბლიკელების" ცალკე გასვლა სწორედ "ნაციონალების" ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე იყოს მიმართული. ამიტომ "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლის მოტივებზე ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა გონივრული", - აცხადებს არჩილ გამზარდია.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" მცირე რაოდენობით მოხვდეს.
"არსებული მოცემულობა მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას ქმნის, თუმცა, დღევანდელი შესაძლო კოფიგურაცია, თუ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით არ შეიცვლება, შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ 2016 წლის პარლამენტში "ნაციონალები" შევიდნენ მკვეთრად მცირე რაოდენობით - მაქსიმუმ 10-12 %, "მრეწველები" აღმოჩნდნენ პარლამენტს გარეთ, შანსებმომატებული "ალიანსი" ასევე მხოლოდ მცირე მოცემულობით აღმოჩნდეს საკანონმდებლო ორგანოში (პარადოქსია, მაგრამ "პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი "რესპუბლიკელებს" ეჭირათ). ამგვარი კონფიგურაციის პირობებში, პარლამენტში შესაძლოა აღმოჩნდნენ: "ქართული ოცნება", "რესპუბლიკელები", ნაციონალები, ალასანია, მცირე რაოდენობით "ალიანსი". უფრო რეალური პროგნოზების გაკეთება შედარებით მოგვიანებით გახდება შესაძლებელი", - აცხადებს გამზარდია.