ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მალე შედგება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ევროკომისრის დიმიტრი ავრამოპულოსის სტუმრობისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საპატრიარქოში თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო და მას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში დახმარების თხოვნით მიმართა..
პატრიარქმა მართლმადიდებლური რწმენის მქონე მაღალი თანამდებობის პირის საქართველოში ვიზიტის გამო.
"ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ საქართველო იყოს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების წევრი. ჩვენ მადლობლები ვართ რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის. საქართველოს სჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ არ გვაქვს აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე და ჩვენთვის ეს დიდი ტკივილია. მე, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს უძველესი ნაწილია", - განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.
პატრიარქის თქმით, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ბევრი რამ გაკეთდა. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მალე შედგება.
"ჩვენ გვაქვს ერთი თხოვნა თქვენთან. ამ პერიოდში მრავალი ქართველი ახალგაზრდა წავიდა ევროპაში და არალეგალურად ცხოვრობენ იქ. ეს ართულებს მათ ცხოვრებასაც და ჩვენს ცხოვრებასაც. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა სამშობლოში. ამ არალეგალებმა ლეგალიზაცია უნდა მიიღონ. თუ შესაძლებელი იქნება ეს გაკეთდეს, ჩვენ ძალიან მადლობლები ვიქნებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მართლმადიდებელი ადამიანი ბრძანდება", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა საუბრისას საბერძნეთში გასამართ წმინდა კრების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ემზადება წმინდა და დიდი კრებისთვის.
"ახლა მიდის ამ კრებისთვის მზადება. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ საქართველოში ბრძანდებით", - დასძინა პატრიარქმა.