„ქართუ ბანკის“ საწინააღმდეგო ოპერაციებში ოქრომ გამოანათა

„ქართუ ბანკის“ საწინააღმდეგო ოპერაციებში ოქრომ გამოანათა

„ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ ძველი სკანდალი ახალი ინტერპერტაციით აგორდა. მოქალაქე ვარდუკაძე 9 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს და ბანკს ოქროს მითვისებაში ადანაშაულებს. „ქართუში“ კი თვლიან, რომ ყველაფერი უზენაესი სასამართლოს დონეზე გადაწყდა და ვერაფერი შეიცვლება. ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის აზრით, კახაბერ ვარდუკაძეს აქვს ბრალდებები, რომელიც დოკუმენტურად არ არის გამყარებული.

„ქართუ ბანკს“ 27 კილოგრამი ოქროს მითვისებაში ადანაშაულებენ. კახაბერ ვარდუკაძე, რომელიც 9 წლის წინათ ლომბარდების მფლობელი იყო, ამბობს, რომ ოქრო „ქართუში“ შეჰქონდა და იქიდან თანხა გამოქონდა და კლიენტებზე გასცემდა. 2003 წელს კი ბანკში ოქრო გაქრა.

ვარდუკაძემ 2002 წელს ჰქონდა სალომბარდო ბიზნესი და ბანკ „ქართუსთან“ გირავნობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, „ბანკ ქართუს“ ლომბარდში შეჰქონდა ოქრო და სანაცვლოდ გამოჰქონდა შესაბამისი თანხა, რომელსაც კლიენტებზე გასცემდა. მისი თქმით, 2003 წელს ბანკში შეტანილი ოქრო დაიკარგა, რის საფუძველზეც პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგი დაზარალებულად ცნეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კონკრეტულ პირთა დაუდგენლობის მოტივით საქმე შეწყდა.

„2005 წელს განმეორებით შევიტანე საჩივარი და ჩემი განცხადების საფუძველზე საქმის წარმოება ისევ განახლდა.  განმეორებით ჩატარდა დაკითხვები, რევიზიები, ექსპერტიზები და ა.შ. ისევ მცნეს დაზარალებულად და მოსარჩელედ. ამ ხნის განმავლობაში ბანკის ხელმძღვანელობას არც ერთხელ გამოუჩენია ინიციატივა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა, რომ სიმართლე არ დადგენილიყო. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოძიებას დაუმალეს დოკუმენტები და მოახდინეს საბუთების გაყალბება.

დავიწყე სამოქალაქო დავა სასამართლოში, რომელიც 2008 წლის 13 ივნისს დასრულდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბანკ ქართუს“ ჩემს სასარგებლოდ დაეკისრა 266 585 აშშ დოლარის გადახდა. 2008 წლის 19 ივნისს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი 5 დღის ვადით“, - აღნიშნა ვარდუკაძემ.

მისი თქმით, სასამართლო დავის პროცესის განმავლობაში მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა მუქარა, ზეწოლა, დაშინება და პროვოკაციები, ხოლო საცხოვრებელი სახლი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.

„გარდა ამისა, ჩემს 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანაში ვიმყოფებოდი და უცნობმა პირმა 15 ტყვია გვესროლა. საბედნიეროდ, გადავრჩით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადამდე ორი დღით ადრე ბანკის ორმა პასუხისმგებელმა პირმა, გვარად მიქაბერიძემ და ფურცხვანიძემ ცრუ აღიარებითი ჩვენება მისცეს, თითქოსდა ჩემი თანამონაწილეობით მიითვისეს ჩემს მიერ ბანკში შეტანილი 27 კილოგრამი ოქრო, საიდანაც ოქროს 60% თვითონ აიღეს და 40% მე დამიბრუნეს“, - ამბობს ვარდუკაძე.

მისი ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენების შემდეგ აღნიშნული პირებს ერთ დღეში გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და 3 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებისა და ორი პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, შეაჩერეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.  მცნეს ეჭვმიტანილად, დაიწყეს ჩემი დევნა და გაორმაგებული ზეწოლა, რათა უარი მეთქვა ჩემს მიერ სასამართლოში მოგებული თანხის აღებაზე.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, დამეცვა ჩემი სიმართლე, უშედეგო აღმოჩნდა. ვიცოდი მათი მუქარების სერიოზულობა, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, 2008 წლის 25 ივლისს იძულებული გავხდი დავთანხმებოდი მათ მიერ წამოყენებულ პირობებს“, - აღნიშნა კახაბერ ვარდუკაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებების შემდეგ ბანკმა „ქართუმ“ არათუ დასაჯა და სამსახურიდან გაათავისუფლა გიორგი მიქაბერიძე, არამედ ჯერ ბათუმის ფილიალში გადაიყვანა, შემდეგ თბილისში, საბურთალოს რაიონის ფილიალში დააბრუნეს, ხოლო ამჟამად „ქართუ ბანკის“ რისკების ჯგუფის ხელმძღვანელია. კახაბერ ვარდუკაძეს სურს ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიწვდენა, რათა ბიზნესმენი გაერკვეს აღნიშნულ ვითარებაში.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძის 27 კილოგრამი ოქროს ბანკის მიერ მითვისების საკითხი არ აინტერესებს. როგორც სააგენტო „პირველს“ ჯავახიშვილმა განუცხადა, ვარდუკაძესა და „ქართუ ბანკს“ შორის ურთიერთობა უზენაესი სასამართლოს დონეზე გადაწყდა და ის ვერაფერს შეცვლის.

„მე კახაბერ ვარდუკაძეს შევხვდი. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, მაგრამ პრაქტიკულად არაფერზე გვისაუბრია, რადგან მას განვუმარტე, რომ აღნიშნული საკითხი უზენაესი სასამართლოს დონეზე გადაწყდა და მე ვერაფერს შევცვლიდი. სიმარლე გითხრათ, ვერ გავიგე რისთვის მოვიდა. მას ჰქონდა ბრალდებები, რომელიც დოკუმენტურად არ იყო გამყარებული“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ ეს თემა არც აინტერესებს.

რაც შეეხება გიორგი მიქაბერიძის ფიგურას, რომელიც 2003 წელს „ქართუ ბანკის“ კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო, ახლა კი „ქართუ ჯგუფში“ საოპერაციო რისკების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მიქაბერიძემ აღნიშნულ საქმეზე სასჯელი მოიხადა.

„ქართუ ბანკში“ რომ მოვედი, 340 თანამშრომელი დამხვდა და ვარდუკაძეს ხომ არ დავეკითხებოდი, ვინ დამეტოვებინა და ვინ - არა“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება მუქარას და თავდასხმას, ჯავახიშვილს აინტერესებს, კახაბერ ვარდუკაძეს თუ ტყვიებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ, რატომ არ წავიდა პოლიციაში...