რუსეთის როლი სირიაში უფრო მეტად კონსტრუქციული გახდა. ამის შესახებ პენტაგონის პრესპიკერმა პიტერ კუკმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის საჰაერო ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვა დაიწყეს.
"ვფიქრობ, ნათელია, რომ მათ სამხედრო ოპერაცია უფრო მეტად მიმართეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, ეს კარგია. ჩვენ ამას მივესალმებით. მათ თავიდან თქვეს, რომ მათი უპირველესი მიზანი იყო სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ისინი სწორედ ამას აკეთებენ", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ თვეების განმავლობაში მოსკოვს ადანაშაულებდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების მხარდაჭერაში, რასაც რუსეთი უარყოფდა.