პიტერ სიიარტო – ევროპის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე ყველაზე კარგი პასუხი ევროპის გაფართოება იქნებოდა

პიტერ სიიარტო – ევროპის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე ყველაზე კარგი პასუხი ევროპის გაფართოება იქნებოდა

"ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, არ უნდა ბადებდეს რაიმე ეჭვს ნატო-ს ან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებზე ყველაზე ცუდი პასუხი დღეს იზოლაცია იქნებოდა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტომ განაცხადა, სწორედ ახლა უნდა იყვნენ ღია ახალი პარტნიორობებისა და ახალი ალიანსებისთვის, და სწორედ ახლა უნდა იზრუნონ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის გაფართოებაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეფასებით, დღეს ევროპული უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რის ფონზეც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებას. პიტერ სიიარტოს შეფასებით, ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ უსაფრთხოების ამ სტრუქტურების წევრები, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რადგან დღეს ევროპისთვის საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ "რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო გაძლიერდება". 

"უნგრეთი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები სწორედაც რომ დამატებითი არგუმენტია ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების სასარგებლოდ. არასდროს ყოფილა ალიანსების გაძლიერება და მეგობრობის განმტკიცება უფრო დროული, ვიდრე დღეს არის და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც ჩვენი მეგობრები გაურკვევლობაში არ უნდა დავტოვოთ. ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეს ის ქვეყანაა, რომელიც მზადაა გადადგას მომდევნო ნაბიჯები როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არაა მხოლოდ გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნის ინტერესებში, არამედ ალიანსისა და ევროკავშირის ინტერესებსაც ემსახურება", - განაცხადა პიტერ სიიარტომ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით მიმდინარე წლის 29-30 მარტს სტუმრობს.