სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ფარული ვიდეო-ჩანაწერების ინტერნეტით გავრცელების პრევენცია შეუძლებელია.
როგორც იზორიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან და მასთან დაკავშირებულ მუქარებთან დასმული შეკითხვის პასუხად განმარტა, განვითარებული სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურებსაც უჭირთ ინტერნეტით ტერორიზმისა და მუქარის შემცველი ვიდეოების გავრცელების აღკვეთა და ამ საქმეში მარტო საქართველო წარმატებული ვერ იქნება.
ამასთან, იზორიამ აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და მიმართეს ამერიკელ კოლეგებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება, თუ საიდან აიტვირთა ვიდეო-კადრები, დადგინდეს IP მისამართები და ისინი, ვინც აღნიშნული მისამართების უკან დგანან.
"ბელგიაში განხორციელდა ტერორისტული აქტი და სულ რაღაც ორი დღის წინ გავრცელდა მუქარა, რომ მსგავს ტერორისტულ აქტებს ევროპაში ადგილი ექნება. მინდა მარტივი კითხვა დავსვა – ამ დიდი საფრთხის პრევენცია, ასეთი ვიდეო-ჩანაწერების პრევენცია რატომ არის შეუძლებელი, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისათვის?! იმიტომ, რომ ეს მართლაც შეუძლებელია. ეს რომ შესაძლებელი იყოს, იგივე ბელგიელს, გერმანელს, ფრანგს, როცა ასეთი დიდი თავდასხმების და ტერორის შემდეგ კვლავ ჩნდება მუქარის შემცველი ვიდეო-ჩანაწერები, ხომ გაუჩნდება კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ეს მუქარები და ჩანაწერები არ გავრცელდეს?! ამ თვალსაზრისით ნებისმიერი სახელმწიფო ასეთი საფრთხეებისგან, ასეთი ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებისგან დაცული არ არის", - განაცხადა ლევან იზორიამ.
მან ამ კონტექტში ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ტერორიზმის წინ, კიბერსაფრთხეები და ტექნოლოგიური საფრთხეები დგას. "ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა მუქარები და განცხადებები, რომელიც კონკრეტულ თარიღებს უკავშირდება - იქნება ეს 31 მარტი თუ სხვა, თავიდან იქნას აცილებული და აკვეთილი", - დასძინა ლევან იზორიამ.