სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს. ამის შესახებ იზორიამ დღეს, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. "ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება", - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, მავანთ ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ.
"რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს, ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია", - განაცხადა იზორიამ.