სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არის ზედმეტად ზოგადი და მას მთელ რიგ საკითხებში კონკრეტიკა აკლია, - ასე შეაფასა სუს-ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
როგორც ხმალაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის შეჯამებისას განაცხადა, "ეს კითხვა-პასუხიდანაც ჩანდა". "მე ვგულისხობ კონკრეტიკას როგორც ღია ინფორმაციის ნაწილში, ასევე შესაძლებელია ყოფილიყო რაღაც ისეთი, რაც შეიძლება დახურულ რეჟიმში თქმულიყო. ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ამ სამსახურის პირველი ანგარიში. აქედან გამომდინარე, ობიექტური თუ სუბიექტური დამოკიდებულებით რა შეიძლება ვთქვათ, რა შეიძლება არ ვთქვათ... - მოკლედ პრობლემები არის. მინდა სამივე კომიტეტს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შევთავაზო, იქნებ შევიწუხოთ თავი და შევიმუშაოთ ამ სპეციფიკური სამსახურის ანგარიშის რაღაც სტანდარტი - რა უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქმედითი საპარლამენტო კონტროლი განხორციელდეს, რა შეიძლება ითქვას ღია ნაწილში, რა შეიძლება ითქვას დახურულ რეჟიმში და შემდგომი ანგარიში ამ სტანდარტის შესაბამისად მოვისმინოთ. მაშინ დარწმუნებული ვარ, ინფორმაციაც იქნება უფრო ზუსტი, კითხვებიც იქნება უფრო ნაკლები და შედეგი იქნება უკეთესი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ხმალაძის შეფასება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ არ გაიზიარა. კენჭისყრისას მისმა კომიტეტმა სუს-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი დადებითად შეაფასა. ანგარიში დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმაც.
რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მან კენჭისყრა საერთოდ ვერ ჩაატარა, რადგან გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენას კომიტეტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ ესწრებოდა.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ლევან იზორიას მოუსმინეს. ხვალ დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაური წარადგენს.