"აუდიტორია 115" უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესის შეცვლას ითხოვს

"აუდიტორია 115" განათლების სამინისტროსგან უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესის შეცვლას და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ითხოვს, - ამის შესახებ განცხადება "აუდიტორია 115"-მა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა.

"აუდიტორია 115" განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო ცვლილებებს განახორციელებს, უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს, რის შემდეგაც უნივერსიტეტში ახალი არჩევნები დაინიშნება.

"აუდიტორია 115"-მა განათლების სამინისტროს მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა. ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "აუდიტორია 115" ფართომასშტაბიანი სტუდენტური გაფიცვის ორგანიზებას გეგმავს.