სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, მოკვლევამ დაადგინა პიროვნება, რომელმაც მის ძმას ე.წ "ნარუშილოვკა" გადასცა. ამის შესახებ იზორიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამასთან, იზორიამ აღნიშნა, რომ თავად მას ე.წ. სპეციალური საშვით არასდროს უსარგებლია.
"ველოდებოდი კითხვას ე.წ. ნარუშილოვკასთან დაკავშირებით. მოკვლევამ დაადგინა პიროვნება, რომელმაც ჩაიდინა სამსახურებრივი გადაცდენა და ჩემს ძმას დროებით გადასცა ე.წ. სპეციალური საშვი. თუ გაქვთ ინტერესი, თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ, ვინ იყო ეს პიროვნება. რაც შეეხება ჩემი მხრიდან ე.წ. სპეციალური საშვის გამოყენებას, ადამიანურად გეუბნებით, რომ თვალით არ მაქვს ნანახი, იმიტომ, რომ პირადად მანქანით არ ვსარგებლობ", - განაცხადა იზორიამ.