კითხვა რჩება კითხვად, რატომ არ მიიღო თავდაცვის სამინისტრომ უფასოდ შეთავაზებული ქონება და რატომ გადაიხადა შემდგომში მილიონობით ლარი სახელმწფიო ბიუჯეტიდან იგივე ქონებაში, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ირაკლი სესიაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც პროკურორი აცხადებს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის დაკითხვა ძალიან საინტერესო იყო და სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
"მან კიდევ ერთხელ ნათლად ისაუბრა იმ იდეის მიზანშეწონილობაზე, რომელიც სპეცკავშირმშენის ხელმძღვანელს ჰქონდა და რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას გააცნო. კითხვა კითხვად რჩება – რატომ არ მიიღო თავდაცვის სამინისტრომ უფასოდ შეთავაზებული ქონება და რატომ გადაიხადა შემდგომში მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იგივე ქონებაში", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სპეცკავშირმშენის ხელმძღვანელს ოფიციალურად არ მიუმართავს წინადადებით თავდაცვის სამინისტროსთვის, პროკურორის თქმით, საქმის მასალებში არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ მსგავსი შეთავაზება თავდაცვის სამინისტროსადმი ოფიციალურად გაკეთებული იყო.
"საქმის მასალებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის მხარის ეს პოზიცია არის ნამდვილად სიცრუე, რადგან იმ ადამიანს აქვს შეტანილი წერილი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში, ასევე წერილობით მიმართა ირაკლი სესიაშვილს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.