დადასტურდა, რომ ჩვენ ქვეყანას პრაქტიკულად არ ჰყავს სუს-ი

დადასტურდა, რომ ჩვენ ქვეყანას პრაქტიკულად არ ჰყავს სუს-ი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ქვეყანას პრაქტიკულად არ ჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში წარადგინა.

ბარამიძემ ხაზი გაუსვა, რომ იზორიას მხრიდან საფრთხეებზე საუბრისას არც ერთი სიტყვა არ თქმულა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ოკუპირებულ ტერორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ.

"ეს არის სამსახური, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს. უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანგარიშშიც კი ვერ მოახერხა რამე სერიოზულ საქმიანობაზე ესაუბრა. ის საუბრობდა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე და არც უხსენებია ძალიან სახიფათო მოვლენასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც აღიძრა და მაშინდელმა შს სამინისტრომ თითქოს გამოამჟღავნა დამნაშავე - ჩოკუტაევი. რატომ არ არის ეს ადამიანი ინტერპოლის მიერ ძებნილი? ქვეყანაში საოცარი მდგომარეობაა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებთან დაკავშირებით და ერთი სიტყვითაც არ უთქვამს ბატონ იზორიას, რა გააკეთა ამ სამსახურმა იმისათვის, რომ ვინც ჩაიწერა, ვინც დაუკვეთა, ვინც ავრცელებს ყოფილიყო შესაბამისად დასჯილი, რადგან ნათელია, რომ ეს დანაშაული მიმართულია როგორც კონკრეტული პოლიტიკოსების, ისე მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ, შფოთისა და არეულობის დასანერგად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილემ დღეს ისაუბრა ქვეყნის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე, შეეხო ტერორიზმის საფრთხეს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბატონო ლევან, რუსეთის ჯაშუშები ჩვენს ქვეყანაში აღარ არიან? რუსეთი აღარ ებრძვის საქართველოს?! რა გააკეთეთ 3 წლის განმავლობაში? საქართველოში რუსეთის არც ერთი ჯაშუში არ არის გამოვლენილი და დაპატიმრებული", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ამ პერიოდში რუსული ქსელი საქართველოში, როგორც აგენტურული, ისე ე.წ. რბილი ძალის სახით, კიდევ უფრო გაძლიერდა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს კი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდისტულ ომზე არაფერი უთქვამს.