სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ტერორისტული მიზნებით საქართველოს მოქალაქეების გადინებას ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ადგილი არ აქვს.
ამის შესახებ იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ისმენენ.
სხდომაზე იზორიამ ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ეს გლობალური გამოწვევაა.
"თანამედროვე ტიპის ტერორიზმს არ აქვს ლოკალური ხასიათი. მას აქვს განგრძობითი ხასიათი და არა ერთი კონკრეტული ქვეყნის ან პოლიტიკოსის მიმართ, არამედ იმ საერთო ღირებულებების და დასავლური ცხოვრების წესის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის თანაზიარი და ერთგული ჩვენც ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცალკეული მოქალაქეები სამწუხაროდ მონაწილეობენ საერთაშორისო ტერორიზმში, ჩვენთვისაც გამოწვევად რჩება ტერორიზმთან ბრძოლა. ეს ბრძოლა დაკავშირებულია როგორც მათ გამოვლენასთან, დაკავებასთან, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან", - განაცხადა იზორიამ.
მისი თქმით, გარკვეული ღონისძიებები გატარდა ამ პირთა გამოვლენისა და დაკავების მიზნით; გამოძიება დაიწყო "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლის აიუფ ბორჩაშვილისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ; 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ოპერატიული ღონისძიბები გატარდა აჭარასა და გურიაში, სადაც დაკავებულ იქნა 4 პირი და სხვა.
"ბუნებრივია, არამარტო ქვეყნის შიგნით ხდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ვადგენთ იმ პირთა მონაცემებს, ვინც მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმში. დაკავებულ იქნა ჯიჰადისტი, რომელიც დაბრუნდა თურქეთიდან – დავით ბორჩაშვილი; სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მთელ რიგ პიროვნებაზე, რომლებზეც ინფორმაცია გვაქვს, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობენ", - განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ პრევენციულ ბრძოლაში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გადამწყვეტია.
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გააჩნია საქართველოს საკმაოდ მოცულობითი სია, ვინ შეიძლება პოტენციურად იყოს ტერორისტი ან საფრთხის შემცველი და მათზე საზღვარზე არდაშვების რეჟიმი ვრცელდება.
იზორიას თქმით, დაცულია არამარტო სასაზღვრო გამშვები პუნქტები, არამედ საზღვრის მწვანე ზოლიც.
"მოხდა მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის, ე.წ. იოლი სამიზნეების პასპორტიზაცია, რათა მოხდეს დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა თავშეყრის ადგილებში. ჩვენ ოპერატიული თვალსაზრისით გარკვეულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებსაც ვახორციელებთ. ამის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში, განსხვავებით წინა პერიოდისგან, პრაქტიკულად ადგილი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების გადინებას საქართველოს ტეროტორიიდან ტერორისტული მიზნების განხორციელების მიზნით", - განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ ამას ხელი შეუწყო კანონმდებლობის გამკაცრებამაც.