კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა

კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა

90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა. კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ სად იქნება დაკრძალული ცნობილი ქართველი რეჟისორი ან როდის გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები.

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.

ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინო ნოველა სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი," რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

ნანა მჭედლიძემ გადაიღო ქართული ფილმები: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" და სხვა. ნანა მჭედლიძემ ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.