თუ ვინმეს სურს, მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, უსინდისოა

თუ ვინმეს სურს, მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, უსინდისოა

თბილისისს საქალაქო სასამართლოში ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა დასრულდა. "მე ვლობირებდი იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ე.წ.კაბელების საქმეზე სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ მას გარკვეული ინტერესები ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით, უსინდისობაა.

როგორც სესიაშვილი განმარტავს, პროექტი ძალიან საინტერესო იყო, რადგან შეთავაზება ეხებოდა პროექტის უსასყიდლოდ განხორციელებას.

"მე ვლობირებდი იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მითუმეტეს შეთავაზება იყო, რომ ის უფასოდ გაკეთდებოდა და თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, მარტივად რომ ვთქვა, უსინდისოა. ამ შემთხვევაში მე ვლობირებდი მხოლოდ კარგ იდეას, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება, კომპანია სპეცკავშირმშენის წარმომადგენლის ავთანდილ ჭოლოკავას სპეცსამსახურებთან კავშირს, სესიაშვილის თქმით, ეს გამოძიებით არ დადასტურებულა და თუკი ეჭვი არსებობდა ამის თაობაზე, ეს თავად თავდაცვის სამინისტროს უნდა შეემოწმებინა.

"როგორც ჩანს, შემოწმებისგან თავი შეიკავეს, რადგან ნახეს, რომ დაშვება ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე და ბევრი პროექტი ჰქონდა განხორციელებული. ეს არგუმენტი თითიდან გამოწოვილია. მე მიმაჩნია, რომ არასწორი იყო, როცა ამ პროექტს უარი ეთქვა, რადგან სახელმწიფო რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ხარჯებს დაზოგავდა", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

სასამართლო პროცესი, სადაც ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობდა, დახურული იყო.