თსუ-ს თვითმმართველობის შვიდი სტუდენტი რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

თსუ-ს თვითმმართველობის შვიდი სტუდენტი რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

თსუ-ს თვითმმართველობის შვიდი სტუდენტი დღეს, 19:00 საათზე შიმშილობას დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებს, დაგეგმილი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბახვა კვირიკაშვილმა განუცხადა, სტუდენტები თსუ-ს რექტორის ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ. მისივე თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მიმართავენ.

"სტუდენტები იწყებენ შიმშილობას, ლადო პაპავას მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტში შევარდნაძის დროინდელი ძალოვანი პირების დამკვიდრების გასაპროტესტებლად და ითხოვენ, ძალოვანების მფარველი რექტორის მხრიდან უფლებამოსილების შეწყვეტას. უნივერსიტეტში მუშაობენ შევარდნაძის დროის მაღალჩინოსანი ზურაბ კუბლაშვილი, ე.წ. პავლოვიჩი, რომელიც იყო ასევე კუდ-ის "ოდეერების" სამმართველოს უფროსი, რომელმაც პროტესტის შემდეგ დატოვა განცხადება და წავიდა, ასევე შევარდნაძის დროის პოლიციის პოლკოვნიკი მალხაზ ბაძაღუა, შევარდნაძის დროის უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი ავთანდილ ლომიძე" - აცხადებენ სტუდენტები.

მათივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შიმშილობას იწყებენ არის ის, რომ ვლადიმერ პაპავამ სამწლიანი მმართველობის პერიოდში ერთადერთი რაც მოახერხა, არის სტუდენტების დაპირისპირება.

"ეს ადამიანი შეგნებულად არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას უნივერსიტეტში მიმდინარე არც ერთ პროცესზე, სტუდენტები დაიყვნენ ბანაკებად. მისი მხრიდან არც ერთი საუნივერსიტეტო პოლიტიკური ნაბიჯი არ განხორციელებულა, რომ სტუდენტების დაყოფა ბანაკებად აღმოფხვრილიყო. მას არ გააჩნია არანაირი ნება უნივერისტეტში არსებული ფონის დასამშვიდებლად. მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დაწეროს განცხადება და განცხადების საფუძველზე დატოვოს უნივერსიტეტი. მე და ჩემი მეგობრები თავს შევაკლავთ იმას, რომ აღდგეს უნივერსიტეტში სამართლიანობა, აღარ მოხდეს იმპორტი კონკრტეტული პირების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მანკიერ წარსულთან ასოცირდებიან", - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.