მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა, არც ჩვენს გეგმას მიყვება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მოგების გადასახადთან დაკავშირებით კანონპროექტზე ისაუბრა.
მიხეილ მაჭავარიანის თქმით, სამი წლის განმავლობაში მთავრობამ ბიუჯეტი გაზრდილი საგადასახადო განაკვეთის ხარჯზე შეასრულა. მისივე განმარტებით, მოსახლეობას გაუძვირდა ცხოვრება, გაიზარდა აქციზი და არ შემცირდა გადასახადები.
"ამიტომ ვფიქრობ, ჩემდა სამწუხაროდ, ახალმა პრემიერმა ვერ შეასრულა თავისი დანაპირები. მან განაცხადა, რომ მზად იყო შეხვედროდა მთავარ ოპოზიციურ ძალას, ჩვენს კანონპროექტთან ერთად ემუშავა, ამის სანაცვლოდ შესთავაზა თავისი ალტერნატიული პროექტი, რომელიც ისეთი ცუდი აღმოჩნდა, რომ ბიზნესმა არ ისურვა. არ შეამცირა 400 მილიონით ხარჯები, ჯიბიდან ამოუღო ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ფენას დაახლოებით 125 მილიონი ლარი და ბიზნესის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი არც კი დაწერა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობას არც თვითონ აქვს გეგმა, არც ჩვენს გეგმას მიყვება, არც უნდა მოუსმინოს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც აქვს კონკრეტული გზა, როგორ გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე მოსაზრებით მთავრობა დაკავებულია "ვარსკვლავებზე ყურებით".
"მისი ეკონომიკური თეორია ასეთია: ღამე აიხედავენ, ვარსკვლავებს შეხედევან და იტყვიან, დღეს ლარი ცოტა გამყარდა, მერე უცებ აღმოაჩენენ, ალბათ ნახევარმთავრეს ან სავსე მთავრეს დააბრალებენ, რომ ლარი ისევ წავიდა გაუფასურებისკენ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.