"რესპუბლიკური პარტიის" ზოგიერთი წარმომადგენელი უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს, ცუდი ენით, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ ეს მთლიანად პოლიტიკურ ატმოსფეროს არ განაპირობებს. სახელმწიფოსთან მიმართებაში პოლიტიკური კონიუნქტურა, ვფიქრობ, დადებითია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი თავის პროგრამას და ხედვებს წარმოადგენს და თუკი ეს იქნება ისეთივე შეჯერებული, როგორც 2011 წელს, კოალიცია ერთად იქნება, ხოლო თუ არის გადაულახავი განსხვავებები, ცალ-ცალკე მოუწევთ არჩევნებზე გასვლა.
"არც ერთ სუბიექტს, მათ შორის, არც ჩვენ – ყველაზე დიდ პარტიას, არ უნდა, რომ განცხადება გააკეთოს ისე, რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული გუნდის წევრებთან, კონფერენციაზე არ იყოს განხილული. ასეა "რესპუბლიკური პარტიაც". მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას – უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა. მაგრამ სანამ ეს სურვილი იქნება გამოხატული ნებისმიერ სუბიექტისგან, მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს – სად გვაქვს ერთიანობა და სად კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა დავუშვათ ერთიანობა. თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება კოალიციას, ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიყოთ უმრავლესობაში. იქნება ეს უმრავლესობა კოალიციის ფორმატში შენარჩუნებული თუ არაკოალიციურად იქნება უმრავლესობის 88 ადამიანი, უახლოეს დღეებში გვეცოდინება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.