"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა" საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა" ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

ფონდის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება იყო.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შეხვედრას ქართველი და უცხოელი სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა ჰოლანდიიდან ევროპარლამენტის ექსპერტი ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში ხერიანა პენინგსი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების როლზე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ფონდის წარმომადგენლებს ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით ევროპული გამოცდილება გაუზიარა.

"ეს არის პირველი საერთაშორისო კონფერენცია რომელიც "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის" ინიციატივით ტარდება. ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარების რა ხედვა აქვთ დღეს ახალგაზრდებს. დამეთანხმებით, ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამიტომაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ აზრს და ხედვას რომელსაც დღეს ახალგაზრდები შემოგვთავაზებენ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.