ჭადრაკის სასახლის წინ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

ჭადრაკის სასახლის წინ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და ორგანიზებით, 3 მაისს, ჭადრაკის სასახლის წინ ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის პალატიდან აცნობეს, წელს მსოფლიო დონის მოჭადრაკეს 75 წელი უსრულდება.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

ღონისძიება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება.