ბინების გამქირავებლებსა და მთავრობას შორის ოპოზიცია ჩადგა

ბინების გამქირავებლებსა და მთავრობას შორის ოპოზიცია ჩადგა

ოპოზიცია ბინების გამქირავებლებს აფრთხილებს:  “სახლში ფეხი არ შეადგმევინოთ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს!” ეს მოწოდება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მთავრობა გადასახადების ამოღების მხრივ მაქსიმალურ სიმკაცრის გამოჩენა დაიწყო.

ამჯერად პოლიტიკოსები უძრავი ქონების გამქირავლებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ.  როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ბინის გამქირავებლებს ხარკს აკისრებს, დაყაჩაღების ახალი მექანიზმით ამოღებული თანხის გამოყენებას კი არჩევნების გაყალბებისთვის გეგმავს.

შატბერაშვილის განცხადებით, 20%-იანი გადასახადის დაწესება ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის როგორც ბინის მეპატრონეებს, ასევე დამქირავებლებს. ლეიბორისტები საზოგადოებას ახალი გადასახადის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, ბინათმფლობელებს აფრთხილებენ “სახლში ფეხი არ შეადგმევინონ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს, რომლებსაც დაქირავებული ბინების აღრიცხვა აქვთ დავალებული”.

საქართველოში ბინების გამქირავებლების 80% არ არის რეგისტრირებული. როგორც უძრავი ქონების სააგენტო “სითი კომპანის” დამფუძნებელმა თამაზ ქობალიამ აცხადებს, შესაბამისად, დღესდღეობით ბინების გამქირავებლების 4/5 საშემოსავლო გადასახადს არც იხდის.

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ იურიდიული პირი ფიზიკური პირისგან ფართს იქირავებს, მაშინ იურიდიული პირი ვალდებულია თავად დააკავოს საშემოსავლო გადასახადი. ძველი კოდექსის თანახმად კი იურიდიული პირი კერძოს სრულად უნაზღაურებდა თანხას, საშემოსავლო გადასახადს კი ფიზიკური პირი იხდიდა.

ფიზიკურ პირებს შორის უძრავი ქონების ქირავნობის შემთხვევაში, გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის მოლაპარაკებით გადაწყდება, ვინ გადაიხდის 20%-იან საშემოსავლო გადასახადს. შემოსავლების სამსახურს კი მკაცრი ადმინისტრირების წარმოება მოუწევს, რათა გამოავლინოს კერძო პირებს შორის ქირაობის ფაქტები.

ქობალიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საშემოსავლო სამსახური მსგავსი დარღვევების გამოვლენას დაიწყებს, თბილისში ბინის ქირის ფასი გაიზრდება. მისივე თქმით, საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლებისთვის გამქირავებლის გამოვლენა (მაგალითად, საგადასახადო აგენტის დახმარებით) პრობლემას არ წარმოადგენს, დაჯარიმების პრეცედენტის შექმნის შემდეგ კი ყველა გამქირავებელი დაიწყებს ზრუნვას დარეგისტრირებაზე.

ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის დაკისრების ვალდებულება ახალი ამბავი არ არის.  შარშან ამ დროს შემოსავლების სამსახურმა გადასახადის ეს ფორმა საბოლოოდ დაადგინა. 

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საგადასახადო უწყებისთვის მსგავსი ინფორმაციის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, იქვე აღიარებენ, რომ სამსახურს მკაცრი ადმინისტრირების წარმოება მოუწევს, რათა გამოავლინოს კერძო პირებს შორის ქირაობის ფაქტები.

“ინფორმაციის მოპოვებისთვის სხვადასხვა პროცედურა არსებობს.  კერძო პირებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვება ოდნავ რთულია, თუმცა თუ გაჟღერდება ინფორმაცია, გაქირავების შესახებ შესაბამისად მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

თუკი შემოსავლების სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდება, მაშინ პირს სრულად მოუწევს დამალული გადასახადის ანაზღაურება, რასაც შესაბამისი საურავებიც დაემატება. ეს კი საბოლოო ჯამში სერიოზული თანხა იქნება.