მშენებლობის სეისმურობა ქობალიას ბრძანებაზე ჰკიდია

მშენებლობის სეისმურობა ქობალიას ბრძანებაზე ჰკიდია

საქართველოს მთავრობამ მეტად უგუნური და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება  მიიღო. ეკონომიკის მინისტრს მშენებლობისთვის დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირების შესაძლებლობა მიეცა. არადა, უსაფრთხოებისთვის სეისმურობის რეალური მნიშვნელობის გათვალისწინება აუცილებელია, განსაკუთრებით კი, დიდი კონსტრუქციების, მაგალითად, კაშხლების მშენებლობისას.

საერთოდ, საქართველოში საოცარი ვითარებაა მშენებლობებთან დაკავშირებით. მაგალითად, არ ხდება სამშენებლო მასალების ექსპერტიზა. ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც თუნდაც ერთ რომელიმე მშენებარე ობიექტებზე გამოყენებული მასალების ხარიხს შემოწმებს. ყველაფერი მშნებელებისა და “პრარაბების” კეთლსინდისიერებაზეა დამოკიდებული. 

გარდა ამისა, არ ხდება დაუსრულებელი მშენებლობების კონსერვაცია, არადა მთელი საქართველო და განსაკუთრებით მისი დედაქალაქი ასეთი ნახევრადაშენებული ნაგებობებით არის მოფენილი.  ის კი არადა, წლობით მიტოვებული მშენებლობების განახლება ისე მიმდინარეობს, მისი მდგრადობის შესწავლა თავში აზრად არავის მოსდის. 

თუმცა, ეს ყოველივე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა საქართველოს მთავრობა აკანონებს. მშენებლობის დროს ტერიტორიის რეალური სეისმურობის გათვალისწინება სავალდებულო აღარ იქნება. 

როგორც მწვანეთა პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი დანაშაულებრივი, საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მშენებლობისთვის, დადგენილი სეისმურობის (მოსალოდნელი მიწისძვრების) სიდიდის კორექტირების შესაძლებლობა მიეცა.

“ცვლილება “სამშენებლო ნორმებისა და წესების - “სეისმომედეგი მშენებლობა” დამტკიცების შესახებ” ბრძანებაში შევიდა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა, რომ კონკრეტული მშენებლობისთვის (სახლი, კაშხალი) უკვე დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირება, ანუ შემცირება განხორციელდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მწვანეთა პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სეისმურობის რეალური მნიშვნელობის გათვალისწინება აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დიდი კონსტრუქციების, მაგალითად, წყალსაცავების კაშხლების მშენებლობისას, რომელმაც ასეულობით მილიონი ტონა წყალი უნდა შეაკავოს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ ადამიანისა და ბუნების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უკვე აშკარა ანტისაზოგადოებრივ და ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის ხასიათს ატარებს”, - ამბობენ მწვანეები, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართეს, დაეხმარონ საქართველოს და არ დაუშვან ქვეყნის ბუნების ეკოციდი და მოსახლოების გენოციდი.

მწვანეთა პარტიის ინფორმაციით, საქართველო სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და შესაძლებელია მოხდეს მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა 7-ის ტოლია, ხოლო მაკროსეისმური ეფექტი 9 ბალი. ამას ადასტურებს როგორც ისტორიული, ისე ე.წ.  ინსტრუმენტული მონაცემები (1963 წელს - ჩხალთის, 1991 წელს კი რაჭის მიწისძვრები).