ნუ იყიდით ძვირად იაფფასიან სიყალბეს!

ნუ იყიდით ძვირად იაფფასიან სიყალბეს!

,,ბაზარი სავსეა ფალსიფიცირებული წამლებით და მთლიან რევიზიას საჭიროებს''

კომუნისტების დროს, საქართველოს აფთიაქებში მარტო ,,კალცი'', ,,ანალგინი'' და რამდენიმე იაფასიანი წამალი იყიდებოდა. ძვირადღირებული უცხოური მედიკამენტების შეძენა კი, მხოლოდ გადამყიდველებთან იყო შესაძლებელი. ამ ადამიანებს, მაშინ ,,წამლის ბარიგებს'' ეძახდნენ და სწორედ ეს ბარიგები აკონტროლებდნენ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს საქართველოში აფთიაქიც ბევრია და მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მედიკამენტის ყიდვაცაა შესაძლებელი. თუმცა, ქართული ფარმაცია დღესაც უამრავი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ამაში კი, ,,ვერსიის'' ამ წერილის წაკითხვისთანავე დარწმუნდებით. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თუ მაშინ ეს დარგი მხოლოდ ბარიგების ხელში იყო, დღეს მაფიოზი ჩინოვნიკების ხელშია. ბარიგებს და მაფიოზებს კი, როგორც წესი, პირადი კეთილდღეობა უფრო აღელვებს, ვიდრე გაჭირვებული მოსახლეობის ბედი. მოკლედ, მთავარი პრობლემა შემდგომში მდგომარეობს: ,,ვერსია'' სისტემატურად აშუქებს მედიცინაში არსებულ საჭირბოროტო საკითხებს. ამ ჟურნალისტური გამოძიებების მზადების დროს, ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი: ხშირია შემთხვევა, როცა აფთიაქის დახლზე დევს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული, ოღონდ ერთი და იმავე დასახელების წამალი. საერთო სახელის მიუხედავად, შეიძლება ერთი მედიკამენტი გაცილებით ძვირი ღირდეს, მეორე კი _ არა. ეს ცოტა გაურკვეველია. საქმე სამოსთან ხომ არ გვაქვს, სადაც ქსოვილის ხარისხმა, სტილმა, მწარმოებელმა... შეიძლება ფასების სხვაობა გამოიწვიოს. მედიკამენტების შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, ,,ანალგინი'' ამერიკაშიც იმავე ნივთიერებებით მზადდება, რითაც ინგლისში. გასაგებია, რომ ტრანსპორტირების ფასი განსხვავებულია, მაგრამ ეს ფასებს შორის დიდ სხვაობას არ უნდა იძლეოდეს. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ერთი და იმავე წამლის ფასი ერთმანეთთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს. მაშინ კი, როცა ერთი წამალი ხუთჯერ და ათჯერ ძვირი ღირს მეორეზე, ჩნდება ეჭვი, რომ იაფფასიანი წამალი, უბრალოდ, არ ვარგა. როცა ეს მოსაზრება ექპერტ-ფარმაკოლოგ ირმა კუჭავას გავაცანი, დამიდასტურა, რომ ამ კუთხით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე საქმე სასწრაფოდაა მოსაგვარებელი:  

 მართლაც, სწორად მიგიგნიათ პრობლემისთვის. ფაქტია, რომ ქართულ აფთიაქებში შესაძლებელია შეიძინოთ სხვადასხვა მწარმოებელ ქვეყანაში გამოშვებული ერთი და იგივე მედიკამენტი. ერთი შეხედვით, თითქოს ეს კარგიცაა, რადგან არჩევანის საშუალება არსებობს, მაგრამ ეს ზედაპირული შეფასებაა. თქვენი ფორმულა - რადგან იაფასიანია მედიკამენტი, შეიძლება უხარისხოც აღმოჩნდეს, სწორედაა მიგნებული. 

 - ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, იქნებ კონკრეტული მაგალითები დამისახელოთ. 

 - მაგალითად, მედიკამენტი ,,ვოლტარენი''. თუ დაინტერესდებით, აღმოჩნდება, რომ აფთიაქში, ერთმანეთის გვერდით დევს შვეიცარიაში და ინდოეთში წარმოებული ,,ვოლტარენი''. ინდოეთში წარმოებული ,,ვოლტარენი''-ს 10 აბი, ერთი ლარი ღირს. იმავე რაოდენობის მისი შვეიცარული ანალოგი კი, ოთხნახევარჯერ ძვირია. მოკლედ, ფასებს შორის სერიოზული სხაობაა. თუ ერთი დასახელების წამლები ერთი და იმავე კომპონენტებისგან შედგება, საეჭვოა, მივიღოთ ასეთი სხვაობა. ვერ დავიჯერებ, რომ ფასზე ტრანსპორტირების ხარჯები ასე აისახება. 

 - ანუ, შესაძლოა, ინდური წამლის ხარისხმა დაგვაეჭვოს? 

 - ცხადია, შესაძლებელია. ამაში ნებისმიერი ადამიანი დაეჭვდება. თქვენ რომ ზუსტად იდენტური ორი ოქროს ბეჭედი გიჩვენონ და გითხრან, ერთი ღირს 1000 ლარი, მეორე კი _ 12 ლარიო, არ იფიქრებთ, რომ მეორე ბეჭედი ყალბია? ასეა წამლების შემთხვევაშიც. მარტო ამ ერთი დასახელების წამალზე რომ იყოს საუბარი, კიდევ არაფერი. საქმე გვაქვს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკასთან. თუმცა, მთელი ეს სიმახინჯე, ამით არ შემოიფარგლება. ჯერ ერთი, ჩვენი მოქალაქეები დღეს სოციალურად გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან. ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან, იაფფასიანი წამლები შეიძინონ. ამ მედიკამენტის მიღების შემთხვევაში კი, ეფექტი თითქმის ნულის ტოლი იქნება. თუმცა, არის მეორე მომენტიც, რომელსაც შეიტყობთ და გარწმუნებთ, გაოგნდებით _ საქმე ისაა, რომ არც მეორე, ძვირადღირებული პროდუქცია  იძლევა იმის გარანტიას, რომ ხარისხიანია და ავადმყოფზე ეფექტურად იმოქმედებს. დღეს წამლის ქართული ბაზარი გაჯერებულია ფალსიფიცირებული პროდუქციით. ისეც ხდება, რომ ძვირადღირებულ მედიკამენტებს შორის სწორედ ასეთი წამლები იმალებოდეს. როცა არჩევანის წინაშე დგება, საზოგადოების სოციალურად უზრუნველყოფილი ფენა, არჩევანს ძვირ პროდუქციაზე აკეთებს. მაგრამ ხშირად, ის ძვირად ყიდულობს იაფფასიან სიყალბეს. გულით დაავადებულ ადამიანებს ჯიბით დააქვთ ,,ნიტროგლიცერინი''. დღეს თბილისის აფთიაქში იყიდით ყველა წარმოების ამ მედიკამენტს, მაგრამ რამდენად გაგიმართლებთ და ნამდვილ პროდუქტს შეიძენთ თუ არა, ბედ-იღბალზეა დამოკიდებული. ამ მედიკამენტს გულის შეტევის დროს იდებენ ენის ქვეშ, სადაც გაიწოვება 3-4 წამის მანძილზე და ხსნის ტკივილს გულ-მკერდის არეში. ანუ, საქმე გვაქვს პრეპარატთან, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. მერწმუნეთ, დღეს იყიდება ისეთი ,,ნიტროგლიცერონიც'' კი, რომელიც წამებში კი არა, ნახევარი საათის განმავლობაშიც არ დნება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვა ადამიანს ამ დროის მანძილზე. 

 - კი მაგრამ, რომ ამბობენ, ფალსიფიცირებული წამლები აღარ გვაქვსო. 

 - ფალსიფიცირებული წამლები მართლაც ამოიღეს, ოღონდ იმ აფთიაქებიდან, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს და ძალით დაახურინეს მათ მეპატრონეებს. სამაგიეროდ, ხელი შეუწყვეს იმ 3-4 მსხვილი მონოპოლისტის კიდევ უფრო გამსხვილებას, რომლებსაც ხელისუფლების მაღალი რანგიდან მართავენ. ასე რომ, ფაქტია - ქართული ფარმაცევტული ბაზარი სერიოზულ რევიზიას საჭიროებს.