ადგილობრივ ბიუჯეტებში ხარჯები აათამაშეს

ადგილობრივ ბიუჯეტებში ხარჯები აათამაშეს

ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის მონიტორინგი საარჩევნო წელს გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. რამდენადაც ცენტრალურ ბიუჯეტის ხარჯებზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული, შესაძლოა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო თანხები გაზრდილი ტრანსფერების მეშვეობით ადგილობრივ ბიუჯეტებში გადაისროლოს და შემდეგ შედარებით აუღელვებლად ხარჯოს.

ამიტომაც თვითმმართველობების საკრებულოებში თითო-ოროლა კაცით წარმოდგენილი ოპოზიცია აქედანვე იჭერს თადარიგს. ყველა საბიუჯეტო ცვლილება მათში ეჭვს ბადებს, ამიტომაც მხარს არაფერს უჭერს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ოპოზიცია საკმაოდ ნეგატიურად შეხვდა.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა გობეჯიშვილმა წარადგინა. პროექტის მიხედვით, იზრდება მერიის სისტემის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების აპარატების ბიუჯეტი 500 000 ლარით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა - 3 მილიონ 200 ათასი ლარით, ეკონომიკის განვითარების პროგრამა - 273 ათასი ლარით, სოციალური დაცვის პროგრამები - 450 ათასი ლარით, განათლების პროგრამა - 450 ათასი ლარით, კულტურის პროგრამები - 1 მილიონ 575 ათასი ლარით, სპორტის პროგრამები - 1 მილიონ 120 ათასი ლარით. ასევე, დიდგორის რაიონში წყალგაყვანილობის სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 750 ათასი ლარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის - 1 მილიონ 800 ათასი ლარი.

საბიუჯეტო პროექტით კეთილმოწყობის სამსახურის ბიუჯეტი მცირდება 850 ათასი ლარით, ავარიული შენობებისა და სხვა ნაგებობების გამაგრებისათვის პროექტი მცირდება 4 მილიონ 168 ათასი ლარით, “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - 1 მილიონ 300 ათასი ლარით და ჯანდაცვის პროგრამები - 3 მილიონ 800 ათასი ლარით. ჯამში ცვლილებები შეადგენს 10 მილიონ ლარს. გობეჯიშვილის თქმით, ეს თანხები ერთი კონკრეტული პროგრამიდან სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.

ბიუჯეტის ცვლილების პროექტი სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, კერძოდ, სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ და ფრაქცია “ჩვენი თბილისის” თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ გააპროტესტეს.  მათი თქმით, დაუშვებელია ჯანდაცვისა და ავარიული შენობების გამაგრების სამუშაოებისათვის პროგრამების თანხები სხვა მიმართულებებზე გადანაწილდეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თანხები აღნიშნულ პროგრამებს სჭირდება და ისინი არ უნდა იხარჯებოდეს მაგალითად საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, საციგურაო მოედნის რეკონსტრუქციის და სხვა პროექტებისათვის.

 

სხდომაზე, მეტი თვალსაჩინოებისთვის გაბუნიამ თბილისში ავარიული სახლების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა. მისი თქმით, გაუმართლებელია უმრავლესობის გადაწყვეტილებით ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 4 მილიონ 168 ათასის და ჯანდაცვის პროგრამებიდან 3 მილიონ 800 ათასი ლარის დაკლება მაშინ, როცა თბილისელთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა პრობლემურია და ასობით ოჯახი სიცოცხლისათვის საშიშ, ავარიულ სახლებში ცხოვრობს.

“რამდენიმე დღის წინ გახლდით მეტეხის 14-ში მდებარე სახლში, რომლის საყრდენი კედელი დანგრევის პირასაა, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი ქვაბებით, ჯამებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ამაგრებს სახლის კედლებს. ამავე სახლში მოხდა არაერთი ინციდენტი, რომლის შედეგად დაზარალდა ათობით მოქალაქე. დღეს კი ეს ხალხი სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს. ამ ფონზე სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე მილიონი ლარი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას აკლდება”, _ განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები პოლიტიკური ინტერესების განხორციელების ხარჯზე მოხდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა, ამ გზით მათ საარჩევნო ყულაბაში რაც შეიძლება მეტი თანხის მობილიზება მოხდეს. “ამ გზით პოლიტიკურ ინტერესებს და კალენდარს შეეწირა ასობით თბილისელის ინტერესები და სურვილები, რის გამოც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მხარს არ ვუჭერთ აღნიშნულ ცვილილებებს”, – აღნიშნა გაბუნიამ.

საბიუჯეტო ვნებათაღელვა მარტო დედაქალაქში არ მიმდინარეობდა. ოპოზიციამ მკვეთრი კომენტარები არ დაიშურა მომავალი საპარლამენტო ქალაქის - ქუთაისის - საბიუჯეტო პროცესების განხილვისას.

ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის მამუკა მღვდელაძის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მხარდაჭერა შეუძლებელია.

“2011 წლის ბიუჯეტი მხოლოდ პიარზე იყო ორიენტირებული.  თანხები მხოლოდ ისეთ პროექტებზე იყო გამოყოფილი, როგორიცაა ველობილიკების მოწყობა, ძეგლის გადატანა, გარე კიბეების გამართვა, ყინულის მოედნის დადგმა და ა.შ. და რეალურად საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი, როგორიცაა სანიაღვრე გზების მოწესრიგება, კანალიზაციის გამართვა, გარე განათება და სხვა, არაფერი გაკეთებულა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ის პროექტებიც, რომელიც პიარისთვის იყო განკუთვნილი, უხარისხოდ განხორციელდა. ველობილიკების გამართვა ამ პროექტის შემსრულებელთა დაპატიმრებითა და მუშების შრომის ანაზღაურების გარეშე დატოვებით დასრულა. შედეგად დაპატიმრებული ხელმძღვანელობა და უხელფასო მუშები მივიღეთ”, - აღნიშნა მღვდელაძემ.