თითო კაცზე თითო მანქანა - საქართველოში ეს შესაძლებელია

თითო კაცზე თითო მანქანა - საქართველოში ეს შესაძლებელია

საქართველოში, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 700 000 მანქანა მოძრაობს, ანუ ყოველ 4 ადამიანზე ერთი ავტომობილი მოდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და პროცენტულად ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი უტოლდება. თუკი ქართველებმა ასეთი ტემპით გააგრძელეს მსოფლის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულიდან მეორადი მანქანების ჩამოყვანა, მალე თითო კაცზე თითო ავტომობილი გვექნება.

მიუხედავად ახალი ავტომობილის 10%-ით, ხოლო მეორადი მანქანების 15%-ით გაძვირებისა, დღეს გაყიდული პროდუქციის 90% მაინც მეორად ავტომობილებზე მოდის. ავტოიმპორტიორთა პროგნოზით, შესაძლოა, სულ მალე ფასების მატება დაფიქსირდეს, ამიტომ მომხმარებელს მანქანების მორიგი გაიაფების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

კომპანიების უმეტესობას ავტომობილების რეალიზაცია ამ ეტაპზეც უჭირს. ძირითად დაბრკოლებად კვლავ მყიდველის დეფიციტი რჩება და აგრეთვე საწვავის განსაკუთრებით მაღალი ფასი.

“პორშეს ცენტრის” დირექტორის, დავით ნოზაძის განმარტებით,ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა ამ ეტაპზეც შენარჩუნებულია. “რაც შეეხება საწვავის ფასის გავლენას, ცხადია, რაღაც დონეზე გავლენას ნამდვილად ახდენს. ამ შემთხვევაში მყიდველი მცირელიტრაჟიან ძრავას ანიჭებს უპირატესობას და ამ ფაქტორის გათვალისწინებით ცდილობს სასურველი ავტომანქანის შეძენას”, -აცხადებს ნოზაძე.

2007-2011 წლებში საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა მუდმივად და დიდი სისწრაფით იზრდება.  შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კვლევის კვლევის მიხედვით, 2007 წლიდან 2011 წლამდე დინამიკაში ავტოპარკი ყოველწლიურად საშუალოდ 9,6 პროცენტით გაიზარდა. 2007 წელს საქართველოში - 517 574; 2008 წელს - 603 380; 2009 წელს - 647 209; 2010 წელს - 693 873; 2011 წელს - 745 232 ავტომანქანაა რეგისტრირებული. მათგან 65,7 პროცენტი მსუბუქია, 17,5 პროცენტი - ჯიპი, 9,8 პროცენტი - სატვირთო, 6,6 პროცენტი - სამგზავრო, 0,4 პროცენტი - მოტოციკლეტი.

საქართველოში, ძირითადად, 11-20 წლის ან უფრო “ასაკოვანი”ავტომობილები მოძრაობს. 2011 წელს ყველაზე მეტი სატრანსპორტო საშუალება (349 973) 11-20 წლის დაფიქსირდა, 328 204 მანქანა 20 წელზე მეტი ასაკისა, 33 207 მანქანა - 7-10 წლის, 22 621 მანქანა - 4-6 წლის, 11 228 მანქანა კი - 1-3 წლის.

კვლევაში ავტოპარკის ზრდისა და ცვალებადობის ტენდენციების გარდა, ასევე ცალკეული მარკა-მოდელების იმპორტ-ექსპორტისა და რეგისტრაციის დინამიკა და თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი.

რა გასაკვირია და ჩვენთან ყველაზე პოპულარული გერმანული ავტომობილებია. 10 უცხოური მარკის ავტომანქანას შორის 5 გერმანული ავტოინდუსტრიის ნაწარმია, 4 კი - იაპონური პროდუქციაა. ყველაზე გავრცელებული მარკა “ოპელია”. საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანებიდან 84 174 სწორედ ამ მარკისაა, 82 901 - “მერსედესია”, 68 547 - “ფორდი”, 42 613 - “ფოლკსვაგენი”, 34 797 - “ბეემვე”, 21 783 - “მიცუბიში პაჯერო”, 20 388 - “ტოიოტა”, 11 340 - “ჰონდა”, 10 524 - “ნისანი”, 7 588 - “აუდია”.

მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე მეტად გავრცელებული მოდელი”ოპელ ვექტრაა” - 32 743, შემდეგ მოდის “ოპელ ასტრა” - 32 049, “ე” კლასის “მერსედეს ბენცი” - 28 007, “ც” კლასის “მერსედეს ბენცი” - 22 603, “ფოლკსვაგენ გოლფი” - 21 114, მეხუთე სერიის “ბეემვე” - 16054, მესამე სერიის “ბეემვე” - 14 229, “მიცუბიშიპაჯერო” - 13 258, “ოპელ ომეგა” - 9 336, “ფოლკსვაგენ პასატი” -7 407.

მსუბუქ ავტომანქანებში ყველაზე მეტად ვერცხლისფერი სჭარბობს. 142 666 ავტომანქანა ვერცხლისფერია, 110 471 - თეთრი, 84 894 - ლურჯი, 68 011 - მწვანე, 66 038 - წითელი, 62 538 - შავი, 43 542 - ყავისფერი, 19 664 - ყვითელი, 9 188 - ნარინჯისფერი, 8 000 - იისფერი, 3 992 - მეწამული, 655 კი - ვარდისფერი.

მსუბუქ ავტომობილებში 95,7 პროცენტი ბენზინზე, 4,3 პროცენტი კი - დიზელზეა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89,6 პროცენტს - ფიზიკური, 10,4 პროცენტს კი იურიდიული პირები ფლობენ.