ბიზნესის კეთება ჰონგ კონგში უნდა

ბიზნესის კეთება ჰონგ კონგში უნდა

სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი. სააგენტოს ექსპერტთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა მსოფლიოს 160 ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და რეიტინგში მათგან საუკეთესო 50 შევიდა. ყველაზე საუკეთესოდ კი ჰონგ კონგი იქნა დასახელებული.


აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგს ამგვარი პატივი პირველად ერგო მას შემდეგ, რაც 15 წლის წინ ჩინეთისაგან სუვერენიტეტი მიიღო. საკმარისია ითქვას, რომ ჰონგ კონგში დაფუძნდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა General Electric და HSBC, ხოლო კორპორაციული გადასახადი სულ რაღაც 16,5 პროცენტია, აშშ-ში კი 35 პროცენტი.


Bloomberg-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გარდა კონკურენტუნარიანი საგადასახადო პოლიტიკისა, ჰონგ კონგს უპირატესობას ანიჭებს ისიც, რომ იგი ფაქტობრივად ჩინეთის ჭიშკრად ითვლება. შესაბამისად, კომპანია, რომელსაც სურს ახლოს იყოს ჩინეთთან და აზიასთან, ჰონგ კონგს თავის ბაზად აუცილებლად აირჩევს.


როცა General Electric ეძებდა აშშ-ს საზღვრებს გარეთ ადგილს, სადაც გახსნიდა ოპერატიული ჯგუფისათვის შტაბ-ბინას, ჰონგ კონგი სწორედ აზიურ ბაზრებთან მისი სიახლოვისათვის და ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის გამო აირჩია. ბიზნესის განვითარების კუთხით კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის მიშელ ჯონსის თქმით, მსოფლიოში ძნელად იპოვნით ინფრასტრუქტურის,  ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მხრივ ჰონგ კონგზე უკეთეს ადგილს.


თუმცა, ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ყველა სიკეთისა, ჰონგ კონგში გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. ეს გახლავთ აზიაში უდიდესი სახელფასო განსხვავება, ათვისებული და განვითარებულია ქალაქ-კუნძულის ტერიტორიის 25 პროცენტი, რაც უძრავი ქონების ფასს ძალიან ზრდის და დაბალანაზღაურებადი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, Bloomberg-მა რეიტინგი 160 ქვეყნის მდგომარეობის შესწავლითა და გაანალიზებით შეადგინა. ყურადღება გამახვილდა შემდეგ კრიტერიუმებზე: ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხი, ტარიფების დონე და გლობალურ ბაზარზე დამოკიდებულება, საგადასახადო პოლიტიკა და ინფლაცია, ბიზნესის შექმნისათვის საჭირო სახსრები, მუშახელისა და ნედლეულის ღირებულება, პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულება, კორუფციის, საკუთრების უფლებების დაცულობის და უსაფრთხოების დონე, ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის მდგომარეობა და ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის მოცულობის გადანაწილება.


Bloomberg-ის რეიტინგში მეორე ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა, მესამე აშშ-მ, მეოთხე დიდმა ბრიტანეთმა და მეხუთე კი ავსტრალიამ. ნიდერლანდების წარმატება განაპირობა ეკონომიკურმა მიმზიდველობამ და ქვეყნის მდებარეობამ, რომელსაც ხუთი დიდი პორტი აქვს, რაც უდავოდ დიდი პლუსია. ნიდერლანდებში შტაბ-ბინები აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Royal Philips Electronics NV და ASML NV, რომლებიც მიკროსქემების დასამზადებელი ხელსაწყოების მსოფლიო ბაზრის 80 პროცენტს აკონტროლებენ.


მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა - აშშ მესამეზე მაღალი გადასახადების გამო აღმოჩნდა. მაგრამ, შეიძლება სიტუაცია მალე შეიცვალოს. ობამას ადმინისტრაციამ 22 თებერვალს გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც კორპორატიული გადასახადის 35-დან 28 პროცენტამდე შემცირებას და საწარმოებისათვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. როცა ეს კანონპროექტი დამტკიცდება და კანონის სახით ძალაში შევა, აშშ-ს დიდი შანსი აქვს პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.


თუ რეიტინგს რეგიონების მიხედვით გადავხედავთ, სამხრეთ ამერიკიდან ჩილე ლიდერობს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კი არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო პოლონეთია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შევიდნენ ისეთი წამყვანი განვითარებადი ქვეყნები, როგორებიცაა ბრაზილია და ინდოეთი.


აღსანიშნავია, რომ სააგენტო Bloomberg-მა რეიტინგების გამოქვეყნება საკმაოდ ახლო წარსულში დაიწყო და ცდილობს ამ სფეროში ჟურნალ Forbes-ს კონკურენცია გაუწიოს. სააგენტოს რეიტინგთაგან ყველაზე ავტორიტეტული სწორედ ზემოთ წარმოდგენილი გახლავთ.