ელექტრონული ზედნადებები - ახალი საფრთხე, ახალი ჯარიმები

ელექტრონული ზედნადებები - ახალი საფრთხე, ახალი ჯარიმები

ელექტრონული ზედნადებების ამოქმედებამდე 2 დღე რჩება, ამდენიმე დრო აქვთ დარჩენილი მთელი საქართველოს სავაჭრო ობიექტებს, რომ სასწრაფოდ შეიძინონ კომპიუტერები (ვისაც არ აქვს), ჩართონ ინტერნეტში, დაიქირაონ ადამიანი, ვინც ზედნადებების ელექტრონულად გამოწერას უზრუნველყოფს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი ასე მოკლე ვადაში მოესწროს.

ელექტრონული ზედნადებების წარმოების შესახებ ინიციატივა 1-ელი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. ახალი ინიციატივის მიხედვით, პროდუქციის მიწოდებისას ქაღალდზე შევსებულ ზედნადებს ელექტრონული ჩაანაცვლებს. მეწარმეს ზედნადების ფორმის შევსება ინტერნეტით მოუწევს და სავალდებულო იქნება მისი შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, სავაჭრო ქსელში საქონლის დაახლოებით 25-30% საბუღალტრო დოკუმენტაციაში შემოსავლების სახით აღრიცხული არ არის. “აქამდე ზედნადები საგადასახადოსთვის, ასე ვთქვათ, არ ჩანდა, ის ორი კერძო სუბიექტის შედგენილი დოკუმენტი იყო.ერთადერთი თუ ჩაუსაფრდებოდნენ და გამოიჭერდნენ, გაჩერებულ მანქანას მიადგებოდნენ ან გადმოტვირთვისას შეამოწმებდნენ. კონტროლი ძალიან ძნელი იყო.

გადამზიდავს შეეძლო მაღაზიაში მიეტანა საქონელი, სადაც ზედნადები ჩვეულებრივად იქნებოდა გამოწერილი, ჩააბარებდა ტვირთს, მაგრამ როცა დარწმუნდებოდა, რომ საგადასახადო არ გამოჩენილა, დაურეკავდა მაღაზიის მეპატრონეს და ზედნადებებს ორივენი დახევდნენ. საგადასახადო ვერც  ვერაფერს შეიტყობდა.

ჯერ ერთი, ასეთ მდგომარეობას არაკეთილსინდისიერი გადამხდელიბოროტად იყენებდა, მეორეც, საგადასახადოს ჩასაფრებულის პოზიციიდან უწევდა გაკონტროლება. ახლა ის ჩასაფრებული აღარ იქნება, ყველაფერს საიტზე ნახავს. აღარც არაკეთილსინდისიერ გადამხდელს დარჩება საშუალება, ზედნადები დახიოს და ბრუნვა დამალოს”, - ამბობს ჯაბა ებანოიძე.

მოკლედ, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იმ სავაჭრო ქსელებს, რომლებიც არ იყვნენ აღჭურვილნი კომპიუტერებით და ინტერნეტით, ახლა უკვე სასწრაფოდ მოუწევთ თანამედროვე ტექნიკის შეძენა. რამდენადაც ასეთი სავაჭრო ობიექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულ ათასობითაა, ძნელი წარმოსადგენია, 2 დღეში მათი გადაიარაღება რამდენად მოესწრება.

ელექტრონული ზედნადებების წარმოება ბეჭდურ გამოცემებზე, შესაძლოა, არ გავრცელდეს. ამ კუთხით ბოლო პერიოდში პრესის ასოციაცია აქტიურობდა. ბიზნესომბუდსმენის გიორგი პერტაიას თქმით, გამორიცხული არ არის შემოსავლების სამსახურმა აირჩიოს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც იმ სფეროებში, სადაც ელექტრონული ზედნადების წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია, შეღავათები დაწესდეს.  

“შემოსავლების სამსახურს მივაწოდეთ პრესის ასოციაციის მოსაზრებები. შემდეგ შედგა მათ შორის შეხვედრაც. ველოდებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას პრესის ასოციაციის მიერ დაყენებულ საკითხებზე”, - განაცხადა პერტაიამ და აღნიშნა, რომ ბეჭდური გამოცემებისთვის შეღავათების დაწესებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რაც შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა.  

“გადაწყვეტილება იქნება მაშინ, როცა კანონმდებლობაში ცვლილება შევა. კანონმდებლობის დონეზე კი ჯერ არანაირი ცვლილება არ არის.  საქმე იმაშია, რომ გარკვეული პრობლემები შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებს მართლაც შეექმნას. ეს კარგად გასათვლელი საკითხია. მჯერა, რომ საბოლოოდ ყველა ელექტრონულ ზედნადებზე გადავა, მაგრამ ზოგიერთი სფეროსთვის შეიძლება ეს ნაკლებად მტკივნეული იყოს. 

შესაძლოა, შემოსავლების სამსახურმა აირჩიოს პოლიტიკა, რომ იმ სფეროებში, სადაც ელექტრონული ზედნადების წარმოება მტკივნეულია, შეღავათები დააწესოს”, - განმარტავს ბიზნესომბუდსმენი.  

როგორც “ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, პრესის ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებს შორის რამდენიმე საკითხი შეთანხმდა. უწყება ამ ეტაპზე შეთანხმებულ საკითხებზე მუშაობს. შემოსავლების სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახმაურდება.  

გააძვირებს თუ არა  ელექტრონული ზედნადების  სისტემა სურსათს?  ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია განმარტავს, რომ მეწარმეს ახალი სისტემით ხარჯები ეზრდება, რაც, მისი აზრით, საბოლოო ჯამში, მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ღირებულებაზე აისახება.

მისი მტკიცებით, დღეს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი სასურსათო მაღაზიების დიდი ნაწილი ინტერნეტზე მიერთებული საერთოდ არ არის და არც შესაბამის ტექნიკას ფლობს. ახალი სისტემის ამოქმედების შედეგად მეწარმეს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები გაუჩნდება, რაც პროდუქტს ნამდვილად გააძვირებს.