2004 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა. ეს ოპერაცია კარგად არ წარიმართა და ჯარმა მალევე უკან დაიხია, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.
"2004 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა. ეს ოპერაცია კარგად არ წარიმართა და ჯარმა მალევე უკან დაიხია, ამას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 2005 წლის მაისში, თბილისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის მთავარი მიზანი მსგავსი შემთხვევის მომავალში თავიდან აცილება იყო. ჩემი თანდასწრებით ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა. ამან პრეზიდენტი სააკაშვილი გარკვეული პერიოდით შეაჩერა. მაგრამ მას და მისი მთავრობის წევრებს ყოველთვის სურდათ სამხრეთ ოსეთის შემოერთება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე სრულად ვეთანხმები ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ყველამ, ვისაც კიდევ აქვს კითხვები აგვისტოს ომზე, ეს ანგარიში უნდა წაიკითხოს. ის ბრალს დებს როგორც რუსულ, ასევე ქართულ მხარეს, და ნაწილობრივ ოსურ მხარესაც. რაც 2008 წელს ვნახეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სრული კატასტროფა იყო. ამან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შანსები შეამცირა", - განაცხადა მაილსმა.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დღეს უფრო რთულია, ვიდრე 2008 წლამდე იქნებოდა.
"გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, განსაკუთრებით ეკონომიკაში. რუსული ბუნებრივი აირი ისევ გადის საქართველოს ტერიტორიას სომხეთში ჩასასვლელად, ქართული პროდუქცია ისევ იყიდება რუსულ ბაზარზე, ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება ამაზე რთულიც ყოფილა. საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ ძალისხმევა გასწია, საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან", - განაცხადა მაილსმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არსებობს მოსაზრება, რომ 2008 წელს დასავლეთის რეაქციამ რუსეთი უფრო გააძლიერა და სამომავლო აგრესიისკენ წაახალისა, ეთანხმებით ამ შეფასებას, მაილსმა განაცხადა, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს და საქართველოს მთავრობას ერჩივნა დასავლეთს უფრო მკაცრი ზომები მიგვეღო, მაგრამ ეს არასდროს განიხილებოდა.
"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს და საქართველოს მთავრობას ერჩივნა ჩვენ უფრო მკაცრი ზომები მიგვეღო, მაგრამ ეს არასდროს განიხილებოდა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამდით. ეს ასე არ ყოფილა. მე მესმის ქართველების დიდი ნაწილის იმედგაცრუება იმით, რომ შეერთებული შტატები ან საქართველოს სხვა მეგობრები და მოკავშირეები სამხედრო მეთოდებით არ ჩაერთნენ. რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციამ რუსეთის ფედერაციის გავლენა გაზარდა. ამან აჩვენა, რომ რუსეთს აქვს პოლიტიკური მზადყოფნა თავისი საზღვრების მახლობლად სამხედრო ძალა გამოიყენოს", - განაცხადა მაილსმა.
მანვე თავისი მოსაზრება დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობაზე და განაცხადა, რომ ამ ფაქტს უფრო გართობისთვის უყურებს.
"უცნაურად მეჩვენება როცა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის გუბერნატორი ხდება, რაც არ უნდა მნიშნელოვანი მხარე იყოს ის. ოდესა არის მნიშვნელოვანი ადგილი. უბრალოდ, მე ეს უცნაურად მეჩვენება. ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინულად საუბრობს, განათლება უკრაინაში აქვს მიღებული, არსებობს მიზეზები რატომაც არის ახლა იქ, მაგრამ ჩემთვის ეს უცნაურია", - განაცხადა მაილსმა.