ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 თემში სოფლის კრებები ჩატარდა. ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლენილია პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან ერთად უძღვებოდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ 1 404 547 ლარი გამოუყო. გასულ წელთან შედარებით დაფინანსება 62 000 ლარით გაიზარდა. ფინანსური რესურსი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წყლის სისტემების მოწყობაზე, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე, გარე განათების მონტაჟზე, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობასა და სხვა ლოკალურ პროექტებზე გაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. შეხვედრის ოქმებში ძირითადი პრიორიტეტები ასახულია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში 2 მარტიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სოფლის პროგრამის განხორციელების პროცედურები განუმარტეს და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეათანხმეს. იურიდიული პროცედურები დაწყებულია. მიმდინარეობს საპროექტო მომსახურებს შესყიდვა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყებენ.