ზონების პრობლემა ინდუსტრიაში

ზონების პრობლემა ინდუსტრიაში

ინდუსტრიული ზონებით უკმაყოფილოა ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ინდუსტრიულ ზონებში მომუშავე კომპანიებიც. რადგან არსებული ვითარების შეცვლის პესპექტივა არ არსებობს, ხელისუფლებას კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს.  “ხელისუფლება ამბობს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები დასაქმების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა დასაქმებულების სტატისტიკა არ არსებობს. ქართული კანონმდებლობით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საწარმოს გამხსნელ პირს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ურჩევნია, რადგან ის გადასახადებს მის ქვეყანაში იხდის. ეს არის დისკრიმინაცია, რასაც მთავრობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ახორციელებს”, - აცხადებს დეპუტატი ლევან ვეფხვაძემ და ხელისუფლებას კანონმდებლობის შეცვლისაკენ მოუწოდებს.

თუმცა საქართველოს ინდუსტრიულ ზონებში ჯერჯერობით ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ დასაქმებული არც ადგილობრივი და არც უცხოური მუშახელია. პირიქით, თიზ-ებში ორიოდე კომპანია საქმიანობს და ისინიც მუშახელს ამცირებენ.

მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინათ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან 100-მდე ადამიანი დაითხოვეს. ზონის ოპერატორი კომპანიის “ჯორჯიან ინტერნეიშენალ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მუშების სამსახურიდან გაშვება დანადგარების მოდერნიზაციის ფონზე მოხდა.

მიხეილ თიგიშვილის მტკიცებით, დასაქმებულები ანაზღაურებად თვენახევრიან შვებულებაში არიან და კონტრაქტი უცვლელად გაუგრძელდებათ. ინდუსტრიულ ზონაში დანადგარების მოდერნიზაცია პროდუქციის წარმოების მოცულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, სადაც მთავრობის მტკიცებით თითქოსდა 100-ზე მეტი ლიცენზიიის მქონე კომპანიაა დარეგისტრირებული, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია მოქმედი. ფოთის თიზ-ში იმდენად არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი, რომ ამას უკვე აღარც ხელისუფლების წარმომადგენლები მალავენ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ წურწუმიას განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარება შეფერხდა და ამ დროისთვის პროგნოზირებად შედეგს 50%-ით ჩამორჩება. როდის და როგორ მოხერხდება დაკარგული პოზიციების დაბრუნება დეპუტატი ვერ აკონკრეტებს.

ინდუსტრიული ზონის არაეფექტურობაზე ღიად საუბრობს ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავაც. მისი თქმით, ზონის განვითარებას ხელი შეუშალა 2008 წლის აგვისტოს ომმა, ხოლო შემდგომ პერიოდში კომუნიკაციების არარსებობამ და არაეფექტურმა მენეჯმენტმა. 

ამ ეტაპზე ფოთში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ფოთის თიზ-ში მუშაობდეს, არადა პრეზიდენტის დაქადნებით, ამ დროისათვის იქ 20 ათასი ფოთელი უნდა იყოს დასაქმებული. 

ექსპერტების აზრით, ზონებმა ვერ გაამართლეს იმედები ვერც ხარისხობრი და ვერც რაოდენობრივი მაჩვენებლებით. ისინი განვითარების დაგეგმილ ფაზებს საგრძნობლად ჩამორჩებიან. ექსპერტ დავით ნარმანიას აზრით, ამის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს და ისინი შესაძლოა სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს.

პირველ რიგში, ინვესტორები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ფულის ჩადებისას ძალიან ფრთხილობენ, რადგან ორივე ზონა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ახლოსაა.

მეორე არის ის, რომ საქართველოს არა აქვს ისეთი საკვანძო გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც განსაკუთრებულად იმოქმედებდა ზონების განვითარებაზე. ინვესტორებისათვის, რომლებიც დიდი მოცულობის ტვირთების შემოტანა-გადამუშავება-გატანით არიან დაკავებულნი, საქართველოს და მთლინად რეგიონს არ მოიაზრებენ ისეთ დიდ ბაზრებად როგორიც სინგაპური და ჰონგ-კონგია, შესაბამისად, ზონებში სერიოზული და დიდი ინვესტიციები არ შედის.

მესამე ფაქტორი, რომელსაც ექსპერტი დავით ნარმანია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარების შემაფარხებელ ფაქტორად ასახელებს, არის ის, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით არამდგრადი ბიზნეს გარემოა შექმნილი. 

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი - 2011-2012”-ში საქართველოს დაბალი მაჩვენებელი მიენიჭა საკუთრების უფლების დაცვის სფეროში და ის 120-ე პოზიციაზეა. 

ამის მიზეზი კი, ქვეყანაში ბოლო წლებში კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის გახმაურებული ფაქტებია, რომლის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ოფიციალური თბილისი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ნარმანიას აზრით, აღნიშნული მაჩვენებლები, ანუ ის, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ბიზნესს ინვესტორების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, დიდ გავლენას ახდენს.