“კეთილი სიზმრებიდან” მწარე სამეურნეო სინამდვილემდე

“კეთილი სიზმრებიდან” მწარე სამეურნეო სინამდვილემდე

სოფლის მეურნეობის სპეციალისტებსა და მთავრობას შორის დღგ-ს გაუქმების ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით ფიცხელი კამათია გამართული. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ გადასახადისაგან, პრაქტიკულად, საკუთარი თავი გაითავისუფლა.  მთავრობის საპარლამენტო მდივანი კი თვლის, რომ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება ნორმალური არ არის და ამიტომ “ყველას კეთილ სიზმრებს უსურვებს”.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებით მთავრობამ მისი გადახდისაგან, პრაქტიკულად, საკუთარი თავი გაითავისუფლა და მოგებასაც თავად ნახავს.

მისი თქმით, ამ გადასახადს საქართველოს გლეხობა ისედაც არ იხდიდა. იხდიდა მხოლოდ ის, ვისი ბრუნვაც 100 000 ლარზე მეტს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი გლეხს ამხელა ბრუნვა ვერ ექნება, მას მხოლოდ კოლექტიური საწარმოები:  კოოპერატივები, შპს-ები და ა.შ. იხდიდნენ.

“ეს ღონისძიება მთავრობამ, უპირველესად, თავისი თავისთვის გაიტარა, კერძოდ, ის ლოგისტიკური ცენტრები, საწყობები, ნედლეულის თავმოყრის ცენტრები გაათავისუფლეს ამ 18-პროცენტიანი გადასახადისაგან, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელში გლეხობისაგან იგდებს. პრაქტიკულად, მისგან თავიანთი თავი გაათავისუფლეს და მოგებაც თვითონ ნახეს. 

ამასთან, ეს ნაბიჯი სოფლის მეურნეობის პროდუქციას არ გააიაფებს. ეს ლოგისტიკური ცენტრები, საცხობები, მაღაზიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულს, ანუ პირველად პროდუქციას ყიდიან, იმ 18 პროცენტს არ გადაიხდიან და მოგებას თვითონ ნახავენ. საგადასახადო სტიმულები კი, უპირველესად, გლეხსა და სოფლის მეურნეობას უნდა მოემსახუროს”, - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.

გარდა ამისა, აქ არ არის ლაპარაკი ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც გადამუშავება სჭირდება. თუ რამეს გადამუშავება სჭირდება, ის კვლავაც იბეგრება. სოფლის მეურნეობის უწყება “საკუთარ ხალხზე რომ ფიქრობდეს”, მაშინ უკეთესი იქნებოდა, იგივე ღონისძიება კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებს, ანუ საკონსერვო თუ პურის ქარხნებისა და ა.შ.  საწარმოებისათვის ნაწილობრივ მაინც გაეტარებინათ. 

“ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში აპრობირებულია. მაგალითად, თუ დღგ 18 პროცენტია, კვებისა და გადამამუშავებელი საწარმოები 9-10 პროცენტით იბეგრებიან. როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, შიმშილია, ფასები გლობალურად იზრდება და ეს პროცესი არ ჩერდება, დღგ-საგან კვებისა და გადამამუშავებელი მრეწევლობის საწარმოები ნაწილობრივ მაინც უნდა გათავისუფლდნენ”, - აცხადებს სააგენტო “მედიანიუსთან” კოღუაშვილი.

ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს საბაზისო წარმოების და არა ექსპორტის პრობლემა. საქართველომ, უპირველესად, აგროწარმოების განვითარებასა და საკუთარი მოსახლეობის გამოკვებაზე უნდა იფიქროს.

“გადამამუშავებელი მრეწველობის პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ პროდუქციის შექმნის, წარმოების. ამიტომ ეს სტიმულები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული. ქვეყანას კი შესამუშავებელი აქვს აგრარული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, პროგრამები, განსასაზღვრია პრიორიტეტები და ა.შ. ეს ფიქრით მიიღწევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ეს არ შუძლია, რადგან მას არაპროფესიონელები, გაუნათლებლები ხელმძღვანელობენ, რაც ქართული სოფლისა და აგრარული მეცნიერების დაცინვაა. ამიტომ ამ მთავრობის მიერ გლეხებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის გადადგმული რამე ნაბიჯის არ მჯერა”, - აღნიშნა კოღუაშვილმა.

მთავრობის ოპტიმიზმს არ იზიარებს “ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერიც. მისი თქმით, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოებაში გადადის, ეს იქნება ხილფაფა, ღვინო, მწნილი თუ სხვა ტიპის საქონელი, მათ მაინც უწევთ დღგ-ს გადახდა, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის შეტანა საქონლის საბოლოო ფასში. 

“ამის ნაცვლად, აჯობებს მთავრობამ გადადგას სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეამციროს დღგ-ს გადასახადი 18 პროცენტიდან 15-მდე თუნდაც წელსვე”, - ამბობს ჯანდიერი.

დღგ-ის საკითხზე მეტად ეკონომიკის ექსპერტები სოფლის მეურნეობის არაკონკურენტუნარიანობის სხვა მიზეზებზე საუბრობენ.  უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფერმერული მეურნეობების მიწების სიმცირე. საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, დაახლოებით, 70 პროცენტს, მხოლოდ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს.  ასეთ ნაკვეთებზე მოსავლიანობის საგრძნობლად გაზრდის შანსი ნაკლებად არსებობს, ასევე რთულია მცირე ნაკვეთებზე ინვესტიციის განხორციელებაც. არადა, მაგალითად, წეროვანის მსგავსი სათბურის 1 კვ.მ-ის მოწყობას დაახლოებით ათასი აშშ დოლარი სჭირდება.

სპეციალისტების მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთიანხმება მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი.  მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-საგან გათავისუფლება გლეხებზე იმ მხრივ აისახება, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.

ხუროშვილის აზრით, ამ ცვლილებების მიზანი საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა, რათა ის იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იყოს.  “საქართველოში რაც შეიძლება მეტი კომპანია უნდა დაინტერსდეს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია აწარმოოს, ჩადოს ფული, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ეს პროდუქტები ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამ ყველაფრის მიღმა ვის რა დაესიზმრება, არ ვიცი, მაგრამ ყველას კეთილ სიზმრებს ვუსურვებ. ვიღაცა რომ მოგებას ნახავს და ამაზე ვიღაცას გული უნდა გაუსკდეს, ნორმალურად ვერ შევაფასებ”, - აღნიშნა ხუროშვილმა.

რაც შეეხება ამ ცვლილების უშუალოდ გლეხებზე ასახვას, გიორგი ხუროშვილი ასეთ განმარტებას აკეთებს: “საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. გლეხი არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ადამიანად, რომელსაც პროდუქტი მხოლოდ ოჯახისთვის მოჰყავს, არამედ სოფლის მეურნეობის სექტორი ფართო გაგებით უნდა განვიხილოთ, სადაც დასაქმდებიან ადამიანები და იქ წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება. ფასების ტენდენციაზე გადასახადის  გავლენა როგორ მოხდება და ა.შ.  არის შედეგი, რომელსაც ყველანი ერთად დავინახავთ”, - აღნიშნა ხუროშვილმა.