მერიას ყვითელი პრობლემები სულ უფრო ეძალება

მერიას ყვითელი პრობლემები სულ უფრო ეძალება

დედაქალაქის მერიას ყვითელი ავტობუსები მოუშორებელ ჭირად ექცა. ამორტიზებული ავტობუსების შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი გაუქმებაც არ ეგების. ოპოზიცია და მოსახლეობა სატრანსპორტო ცვლილებებს თვალს ფხიზლად ადევნებს.

პოლიტიკური პარტიის “თავისუფალი საქართველოს” რეგიონალური მდივნის გია ყრუაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის გაუქმებას გეგმავს. ყრუაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია მის პარტიას ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის სფეროში მომუშავე პირებმა მიაწოდეს.

“მერია ყვითელი ავტობუსების გაუქმებას გეგმავს. მერიის გადაწყვეტილების მიზეზი ხარჯების შემცირებაა. როგორც ცნობილია, ავტობუსებიდან შემოსული თანხა მერიის მუნიციპალურ სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებსაც კი ვერ ფარავს. გარდა ამისა, ტრანსპორტის 90%-ს ექსპლოატაციის ვადა გასული აქვს, რის გამოც მათი შეკეთების ხარჯები ყოველთვიურად რამდენიმე ათეულ ათას ლარს უტოლდება”, - განაცხადა ყრუაშვილმა.

მისივე თქმით, ყვითელ ავტობუსებს სამარშრუტო ტაქსები ჩაანაცვლებს. “როგორც ცნობილია, ამ ბიზნესს გიგი უგულავა სრულად აკონტროლებს. ამდენად, სახელისუფლებო კლანი წინა საარჩევნოდ დამატებითი შემოსავლების მიღებაზე ზრუნავს, რასაც თბილისის მოსახლეობის ინტერესები ეწირება”, - აღნიშნა მან.

“თავისუფალი საქართველო” მოითხოვს, ყვითელი ავტობუსების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მერიამ “დაადასტუროს ან საჯაროდ უარყოს”.

ასეთი მოთხოვნის შემდეგ, თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის კატეგორულად უარყო ყვითელი ავტობუსებისგან დედაქალაქის ქუჩების “გაწმენდა”. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ინფორმაცია ავტობუსების გაუქმების შესახებ აბსურდულია. “მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაუქმდება.  არც ავტობუსების გრაფიკი ან მარშრუტი იცვლება”, - განმარტეს მერიაში.

სხვათა შორის, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ეეჭვება საკრებულოს ოპოზიციასაც. საკრებულოელ ქრისტიან-დემოკრატ  ჯაბა სამუშიას  გია ყრუაშვილის განცხადება, რომ მერია მუნიციპალური ტრანსპორტის გაუქმებას გეგმავს, არადამაჯერებლად ეჩვენება. სამუშიას თქმით, ქვეყანა არ არსებობს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, ამიტომ მისი გაუქმება წარმოუდგენელია.

“არა მგონია ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს, მსგავსი არაფრის განხილვა არ ყოფილა საკრებულოში. ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. სამწუხაროდ, არ ვიცი ამ კონკრეტული მოსაზრების გამოთქმისას რა ინფორმაციას ეყრდნობა ბატონი გია. მე ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს”, - განაცხადა სამუშიამ.

ყრუაშვილი კონკრეტულად რა წყაროს ეყრდნობა, ეს მარტო მან იცის, მაგრამ დიდი მიხვედრილობა არ უნდა იმას, რომ ბოლო წლებში მუნიციპალური ტრანსპორტი დედაქალაქის ქუჩებიდან თავისით ქრება.  ჯერ ერთი, 2008 წლის მონაცემებთან შედარებით, თბილისში ავტობუსების რაოდენობა გამესამედებულია, გარდა ამისა, მუდმივად მცირდება მათი სამუშაო გრაფიკი. ბოლო ინფორმაციით, ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას სპეციალური სამარშრუტო სქემა, რომლის მიხედვითაც საღამოს 8 საათის შემდეგ, ყვითელი ავტობუსების დედაქალქის ქუჩებში აღარ იმოძრავებენ.


მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო გრაფიკის შემცირებაზე ყვითელი “მარშუტკების” მძღოლებიც ლაპარაკობენ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ ავტობუსების მოძრაობის ახალი გრაფიკი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დედაქალაქში ყველა ხაზზე ახალი “მარშრუტკა” ივლის.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით თავდაპირველად თავად ავტობუსების მძღოლებისაგან გამოჟონა ინფორმაციამ. მათი თქმით, თუ დღეს ავტობუსები დედაქალაქის მასშტაბით, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მოძრაობენ, შემდგომში ისინი დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. თუმცა, როდიდან მოუწევთ ახალ გრაფიკზე გადასვლა, თავადაც არ იციან.