საქართველოში 7 440 ბიბლიოთეკა დაიხურა

საქართველოში 7 440 ბიბლიოთეკა დაიხურა

საქართველოში ბიბლიოთეკების დიდი უმეტესობა დაიხურა. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნებს სატვირთო მანქანაზე ყრიან და სად მიაქვთ, არავინ იცის. ხელისუფლება მედიათეკების შექმნას გვპირდება. "ვერსია'' დაინტერესდა, რამდენად სწორია ბიბლიოთეკების დახურვა, სად მიდის და რა პირობებში ინახება წიგნები? ამის გასარკვევად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსს გურამ თაყნიაშვილს ესაუბრა:

- 1991-92 წელს საქართველოში 8000 ბიბლიოთეკა იყო, სადაც 11 000 თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათგან 2/3 უმაღლესი სპეციალური განათლებით. ახლა მთელ საქართველოში 560 ბიბლიოთეკა დარჩა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბიბლიოთეკარებს აღარ ამზადებენ. ბიბლიოთეკათმცოდნეობის აღარც კათედრა და აღარც ფაკულტეტი აღარ არსებობს. ილიას უნივერსიტეტში ეს ფაკულტეტი დაიშალა და 5-6 წელიწადია, დიპლომირებული საბიბლიოთეკო დარგის სპეციალისტები აღარ გამოდიან. ეს დარგი პროფესიონალი ბიბლიოთეკარებისგან ნელ-ნელა იცლება. 2005 წელს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო "კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' და ბიბლიოთეკები სამართავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცა, რამაც ზოგიერთ გამგებელს ხელ-ფეხი გაუხსნა, თვითნებურად ემართა ეს სფერო. ზოგიერთ რაიონსა და მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები საერთოდ დახურეს. ზოგიერთ სოფელში - საჯარო სკოლებს შეუერთეს. გორის რაიონს 44 ბიბლიოთეკა ჰქონდა და დღეს მხოლოდ გორშია საქალაქო ბიბლიოთეკა. იგივე მდგომარეობაა კასპში, ქარელსა და გარდაბანში. პირველად ბიბლიოთეკები აჭარაში გააუქმეს. იქ 50 ბიბლიოთეკა იყო, ახლა რეგიონის არც ერთ რაიონში სოფლის ბიბლიოთეკაც კი არ არსებობს. ყველაზე კარგად საბიბლიოთეკო ქსელი კახეთშია შენარჩუნებული. ფაქტიურად, მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურეობა ჩაიშალა. სკოლები ვერ ემსახურებიან სოფლის მოსახლეობის ყველა ფენას. ზოგიერთი დირექტორი აცხადებს, რომ გარედან მკითხველის შესვლა სასწავლო პროცესს ხელს შეუშლისო. რაიონში ერთი ბიბლიოთეკის დატოვება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკისა და კანონის დარღვევაა. 

რატომ გადაიტანეს ბიბლიოთეკები სკოლებში, ნუთუ თითო ოთახი ვერ გამონახეს, ისინი თვითმმართველობის შენობებში დარჩენილიყო?
- ძირითადად, ეკონომიკური მიდგომა იყო, ზოგიერთი გამგებელი ამბობდა, ბიბლიოთეკა წამგებიანი ორგანიზაციაა, ფული არ შემოაქვსო.

- ბიბლიოთეკების დახურვის პროცესი დედაქალაქშიც მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მედიათეკები უნდა ააშენოს. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება? 
- თბილისში 80-მდე საქალაქო ბიბლიოთეკა გვქონდა, დღეს 40 დარჩა. შემცირების პროცესი გრძელდება. თვალი ისეთ ბიბლიოთეკებს დაადგეს, რომელიც ცენტრალურ ქუჩებზეა და კარგ შენობებშია განთავსებული. სხვათა შორის, როცა დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, თბილისში 10 საქალაქო ბიბლიოთეკის დატოვება მოინდომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. რაც შეეხება მედიათეკებს - პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორივე წიგნი გვაქვს - ბეჭდურიც და ელექტრონულიც, მაგრამ მკითხველი ბეჭდურს ირჩევს. ელექტრონული წიგნის კითხვა, სავალდებულო კითხვითაა გამოწვეული, როცა, მაგალითად, სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა უნდა, მაგრამ შეიძლება "დიდოსტატის მარჯვენა'' კომპიუტერში წაიკითხო? ასე, ერთი ხელის დაკვრით, ბიბლიოთეკების შემცირება, მოსახლეობის საინფორმაციო ინტერესებს დააზიანებს. 

- ბიბლიოთეკებში თანამშრომლებს იმ მოტივით ათავისუფლებენ, რომ შტატები გაბერილია, პარალელურად ახლებს, მაგრამ არაკვალიფიციურ თანამშრომლებს იღებენ... 
- საქალაქო ბიბლიოთეკებში შტატები ნამდვილად გაბერილია. გაერთიანებული ბიბლიოთეკის დირექცია წნეხის ქვეშაა. ერთი მხრივ, ეუბნებიან, შტატები შეამცირეთო, მეორე მხრივ, მერია სამუშაოდ ახალგაზრდებს აგზავნის, რომელთაც არაფერი იციან. ამდენი თანამშრომელი საჭირო არ არის, მაგრამ ადგილობრივი გამგებლები ამას არავის ეკითხებიან. 

- სად მიაქვთ წიგნები ბიბლიოთეკების გაუქმების შემდეგ?
- თბილისის დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნები დაცვით ფონდებში გადავიდა, ნაწილი - არსებულ ფილიალებში გადანაწილდა, ნაწილი - სხვადასხვა დაწესებულებებს გადასცეს. რუსული ფონდი ჩამოიწერა. დარგობრივი ლიტერატურა, რომელსაც დაკარგული აქვს ღირებულება, მაკულატურაში ჩააბარეს. ჩამოწერის პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნის ერთი ეგზემპლარი დარჩენილია. რაც შეეხება წიგნების შენახვის რეჟიმს, ის ბევრგან დარღვეულია. ბევრი ღირებული წიგნი წყალმა დააზიანა და გაანადგურა. რაიონების ბიბლიოთეკებსა და საწყობებში წიგნების ნაწილი ძალიან ცუდ პირობებშია''. მერია აცხადებს, რომ დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნების დიდი ნაწილი საპატიმროებს გადაეცემა, თუმცა პროცესი ჯერ დაწყებული არ არის და ვერც ის გავარკვიეთ, როდის დაიწყება. 

ეს დაპირება ძალიან დიდ ეჭვს იწვევს იმ ფაქტის ფონზე, რომელსაც პუბლიკაციაზე მუშაობისას გადავაწყდით - 2 თვის წინ, გამომცემლობა "პალიტრა ელმა'' სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა თხოვნით, ნება დაერთო საპატიმროებისთვის ახალი წიგნები ეჩუქებინა. მათ უარი არ უთქვამთ, თუმცა გამომცემლობის მესვეურები დღემდე ელოდებიან, როდის დასდებს სამინისტრო საჩუქრის მიღების პატივს. დროის გაყვანის მიზეზი გაუგებარია, მაგრამ ფაქტია... ახლა, რომელიმე გონიერი ადამიანი დაგვარწმუნებს იმაში, რომ უწყება, რომელიც უარს ამბობს, საჩუქრად მიიღოს მხატვრული ლიტერატურა (თანაც ისეთი წიგნები, რომელსაც თავად შეარჩევს) - ციხეში "გრაფ მონტე კრისტოსა'' და "დათა თუთაშხიას'' საკუთარი ნებით შეიტანს? "ვერსიასთან'' საუბარში "მედია პალიტრას'' კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია ამ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ: "2 თვის წინ ნამდვილად გვქონდა ინიციატივა, ციხეში ჩვენი გამომცემლობის წიგნები საჩუქრად შეგვეტანა, მაგრამ რამდენჯერმე გადაგვიდეს. გვითხრეს, გამოგეხმაურებითო. გვეგონა, უწყინარი და კარგი სურვილი გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით, ლოდინის რეჟიმში ვართ. არადა, წიგნები თემატურად არ დაუწუნიათ და გაუგებარია, რატომ გვიწელავენ პროცესს. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ "პალიტრა ელის'' წიგნებისადმი აქვთ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება''.