პერევიდან რუსები ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვით გადიან

პერევიდან რუსები ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვით გადიან

როგორც იცით, 13 ოქტომბერს დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. როგორც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ამ მოლაპარაკებებზე ანტი ტურუნენმა განუცხადა გაეროს რადიოს, გაიმართა ღია და გულწრფელი დისკუსია, რომელზეც დამაიმედებელი სიგნალები გაისმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი გაიყვანს თავის საჯარისო დანაყოფებს საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან, სადაც ისინი დგანან ცხინვალის რეგიონში განთავსებული ძირითად დაჯგუფებისგან მოწყვეტილად. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ რუსული და ქართული მხარეები ერთობლივად აღადგენენ ზანკარის წყალსაცავს, საიდანაც მთელი რეგიონი მარაგდება წყლით. ამ პროექტის დაფინანსებას საკუთარ თავზე იღებს ევროკავშირი.

სოფელი იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემი) შედის. მდებარეობს, ზღვის დონიდან 760 მეტრში საჩხერიდან დაშორებულია 20 კიკომეტრით 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 632 კაცი, თუმცა ამჟამად სავარაუდოდ, პერევში 200 ადამიანზე მეტი არ იქნება.

პერევი უშუალოდ ესაზღვრება ჯავის რაიონს, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ადმინისტრაცია და რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. 2008 წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს პერევი დაიკავა რუსეთის ჯარმა. პერევი დღემდე რჩებოდა დაძაბულობის კერად, იქ ოსური და რუსული ბანდ-ფორმირებები აწიოკებდნენ ქართულ მოსახლეობას. სოფლის მოსახლეობის უმეტესობას დატოვებული აქვს ტერიტორია. 

რუსეთის მხრიდან, ყოველთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პერევის ტერიტორია და აგრეთვე მდინარე ყვირილას ეს ზემო შტო ყოვეთვის იყო ოსეთის შემადგენლობაში და მასზე კონტროლს აუცილებლად აღადგენენ. ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მიუხედავად სოფელი კვლავ ოკუპირებული რჩებოდა, თუმცა რუსაების ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ, ხალხს იმედი ჩაესახა, რომ მათი სოფლის ოკუპაციის პერიოდი მართლა შეიძლება დასრულდეს.

ზაზა კუპატაძე, პერევის მკვიდრი: “როდესაც 2 წლის წინ, პერევში რუსებმა შესვლა დაიწ\ყეს, ამ დროს ცაზე ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავიც გამოჩნდა, ერთ-ერთი თვითმფრინავი მთელი ნახევარი საათი ტრიალებდა სოფლის თავზე და ყველა ელოდა, რომ ბომბები წუთი-წუთზე ჩამოცვივდებოდა. საბედნიეროდ, რუსებს ბომბები არ ჩამოუყრიათ, თუმცა იმდენი ჯარისკაცი შემოყარეს, რომ ძველ ბლოკ-პოსტის ტერიტორია აღარ ეყოთ, ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის ბაღის ღობე ახსნეს და შუა ეზოში ახალი ბანაკი მოაწყვეს. 

ამის შემდეგ, რუსები იქ არიან. გასაგები მიზეზების გამო, მე და ჩემი ოჯახი თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან გაგვახარა იმ ინფორმაციამ, რომ რუსები პერევიდან გასვლას აპირებენ. სიმართლე რომ გითხრათ, იმედი მქონდა დაკარგული, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. მე არ ვიცი, ვისი დამსახურებაა ეს. ევროპელების ზეწოლის თუ, რუსებს აუჩუყდათ გული, მაგრამ მთავარია რუსები მართლა გავიდნენ და ჩვენ მეტი არაფერი გვინდა“

როგორც საჩხერელები ამბობენ, ბოლო პერიოდისათვის, პერევში დაახლოებით 30 რუსი ჯარისკაცი, ორი “ბეტეერი“ და ორი “ბეემპე“ იდგა ამ საკმაოდ მცირე ძალებით, აგრესორები ქართულ სოფელს უპრობლემოდ აკონტროლებდნენ. 

პერევში მდგომი რუსული ჯარის დიდი ნაწილი მედესანტე გახლავთ. ამ მედესანტეებმა საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთის სისხლიანი კამპანიის დროს მიიღეს და მათ ჩრდოლო-კავკასიაში საკმაოდ ნიშანდობლივ სახელს - "ტურებს" ეძახიან.

როგორც გახსოვთ, 2009 წლის დეკემბერში, რუსებმა პერევი ცოტა ხნით დატოვეს. ამ გასვლას წინ საქართველოს პატრიარქისა და მედვედევის შეხვედრა უძღვოდა. ამის შემდეგ, ტელევიზიით გამოვიდა სააკაშვილი, დაიწყო ტრაბახი. თან თავის გამოსვლაში რუსებსაც ერთი-ორჯერ დასცინა, თითქოს რაიმე დიდი წარმატებისათვის მიგვეღწიოს. სააკაშვილის გამოსვლიდან დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც პერევში პირველი რუსული ტანკი დაბრუნდა. რუსები ძალიან იყვნენ გაბრაზებულები და ამბობდნენ, რომ სარდლობამ პერევში დაბრუნების ბრძანება სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ მისცათ. 

ზაზა კუპატაძე: “როდესაც რუსები პერევში მეორედ დაბრუნდნენ, ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ერთ-ერთ ჩემს პერეველ ნაცნობთან ისიც კი თქვა, რომ მათ გენერალს პირადად პუტინმა დაურეკა და მან უბრძანა ჯარი სოფელში ისევ დაებრუნებინა. ამბობენ, რუსული ჯარის გასვლა საქართველოს პატრიარქის დამსახურება იყოო და თითქოს მედვედევმა მისი ხათრით გასცა ჯარის გაყვანის ბრძანება.

პირადად მე მეეჭვება, რომ მედვედევს ვინმეს და მით უმეტეს ჩვენი პატრიარქის ხათრი ჰქონდეს. ჩემი აზრით, რუსული ჯარის უკან დახევა დაზამთრებამ განაპირობა. ზამთრის პირობებში, მთიან ქართულ სოფელში მდგარი რუსი ჯარისკაცების პროდუქტებით მომარაგება ძალიან ძნელი იქნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ ვამბობ, რომ აუცილებლად ეგრე იყო".