ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების დრო დადგა

ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების დრო დადგა

ბოლო დროს ნავთობის ფასმა საგრძნობლად მოიმატა, რაც მსოფლიო ეკონომკის აღდგენას ხელს უშლის. პრობლემის გადასაჭრელად ამერიკის მთავრობა “შავი ოქროს” სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საკთხს განიხილავს, თუმცა, ობამას ადმინისტრაციის ამ ინიციატივას ბევრი მომხრე ნამდვილად არ ჰყავს. 

ნავთობის ფასმა 16 პროცენტით მას შემდეგ მომატა, რაც ამერიკის და ევროპის ხელისუფლებამ ირანიდან “შავი ოქროს” ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, შემცირდა ნავთობის მოწოდება სირიიდან, იემენიდან და სუდანიდან, რაც ფასების ზრდას აგრეთვე ხელს უწყობს. აღნიშნული პრობლემა და მისი რეზერვების გამოყენების გზით მოგვარების საკითხი განიხილეს ბარაკ ობამას და დევიდ კემერონის შეხვედრაზე. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთადერთი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც აშშ-ს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საკითხში მხარს დაუჭერს. 

მართალია, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ რეზერვების გახსნას წინ მხოლოდ ოფიციალური დასტურიღა უდგას. აშშ-ს მართალაც რომ ძალიან სჭირდება ნავთობის ფასის ზრდის შეჩერება, რადგან, გარდა იმისა, რომ ძვირი ენერგომატარებლები მსოფლიოს ეკონომიკის აღდგენას უშლის ხელს, ამერიკაში ბენზინის ფასმა სეზონურ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ობამას წინასაარჩევნო რეიტინგზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს. თეთრ სახლს კი სურს ამერიკელებს და მთელს მსოფლიოს დაანახოს, რომ საწვავის გაძვირებისათვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს. 

თავისთავად ცხადია, ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების გარდა აშშ-ს ხელისუფლება ნავთობის ფასზე გავლენის მოხდენის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კერძოდ, ვაშინგტონი თავის მოკავშირეს საუდის არაბეთს და “შავი ოქროს” სხვა მომპოვებლებს ნავთობის მოპოვების მოცულობის გაზრდას სთხოვს. 

ამერიკის ამგვარ განწყობას ბრიტანეთის გარდა სხვა ევროპული ქვეყნები როდი იზიარებს. ისინი შარშანაც წინააღმდეგნი იყვნენ, როცა ლიბიის სამოქალაქო ომისას ნავთობის გაძვირების ხელის შესაშლელად ვაშინგტონში რეზერვების გამოყენებაზე საუბარი დაიწყეს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ასე რომ, როგორც აღვნიშნეთ, ამერიკას მხარს სააგენტოს წევრი ქვეყნებიდან ერთეულები თუ დაუჭერს. არადა, თავად სააგენტო იუწყება, რომ მიმდინარე წლის თებერვალში მსოფლიო ბაზრისათვის “შავი ოქროს” მიწოდება დღეში 200 ათასი ბარელით შემცირდა. და ეს იმ დროს, როცა საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების მოცულობამ 30 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 

შესაძლოა, უახლოეს მომავალში ნავთობის ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს, რადგან ირანი თავისი ბირთვული პროგრამის შეჩერებას არ აპირებს და ორმუზის სრუტის დაკეტვით იმუქრება, რომლის გავლითაც სპარსეთის ყურის ქვეყნები მსოფლიოს ნავთობის მარაგის დაახლოებით მეხუთედის ექსპორტს ანხორციელებენ. ასე რომ, უახლოეს მომავალში კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის თავკაცი აბდალა ალ ბადრიც აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი სიტუაცის 2008 წლისას აგონებს, როცა საბოლოოდ 1 ბარელი ნავთობის ფასმა 149 დოლარს მიაღწია, რაც ყველა დროის მაქსიმუმი გახლავთ. 

ალბათ ამგვარი მოგონებები აშშ-ს ადმინისტრაციაშიც აწუხებთ და ამიტომაც სურთ სტრატეგიული მარაგების გამოყენება. მიიღებენ თუ არა საბოლოო გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.